მთავარი / “იუვე” მსოფლიოს სათავეში

“იუვე” მსოფლიოს სათავეში

1990 წელს, ჯამპიერო ბონიპერტიმ პრეზიდენტის პოსტი დატოვა და მისი ადგილი ვიტორიო კაისოტი დი კიუზანომ დაიკავა. სამი წლის შემდეგ „იუვემ“ უეფას თასი მესამედ მოიგო, მაგრამ სკუდეტოსთვის უფრო მეტი ლოდინი გახდა საჭირო. 1994 წელს, ახალი ერა დაიწყო. პრეზიდენტად კიუზანო დარჩა, მაგრამ განსაკუთრებული როლები დაეკისრათ რობერტო ბეტეგას, ანტონიო ჯირაუდოსა და ლუჩანო მოჯის.

ახალმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება დანერგა. ფერარა დაცვაში, პაულო სოუზა და დიდიე დეშამი ნახევარდაცვაში, ჯანლუკა ვიალი და რობერტო ბაჯო შეტევაში. ლიპიმ ნდობა გამოუცხადა ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ერთი წლის წინ „პადოვადან“ მოვიდა და უმალვე მოახერხა თავისი ძალის დემონსტრირება. მისი სახელი ალესანდრო დელ პიეროა, რომელმაც ისტორიაში ყველა რეკორდი დაამყარა. სკუდეტო პირველივე სეზონში მოვიდა, ისევე, როგორც იტალიის თასი. „იუვემ“ უეფას თასის ფინალი „პარმასთან“ დათმო.

ერთი წლის შემდეგ „იუვენტუსმა“ ტრიუმფალურად ევროპაში იასპარეზა და ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო. მეოთხედფინალში „რეალს“, ნახევარფინალში „ნანტს“ აჯობა. ფინალი კი, რომში გაიმართა. 1996 წლის 22 მაისს, მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ბიანკონერიმ“ უშეცდომოდ ითამაშა. ანჯელო პერუციმ ორი პენალტი მოიგერია. ბოლოს ბურთთან იუგოვიჩი მივიდა და „იუვენტუსი“ ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამას გუნდის განახლება მოჰყვა. რავანელი და ვიალი წავიდნენ, ბოკშიჩი, ვიერი და ამორუზო მოვიდნენ. ასევე ახალწვეულები იყვნენ მონტერო და ზიდანი. „იუვენტუსმა“ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა და ფინალში „რივერ პლეიტი“ დელ პიეროს გოლით დაამარცხა. ეს საკონტინტეთაშორისო თასზე ტოკიოში. ევროპის სუპერთასზე კი პსჟ იქნა განადგურებული. 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმედგაცრუების ჯერი დადგა. „დორტმუნდმა“ მიუნხენში გაიმარჯვა. შემდეგ წელს იგივე განმეორდა. ამჯერად ამსტერდამულ ფინალში „რეალთან“ მარცხი განიცადა „იუვემ“. თუმცა, იტალიაში დელ პიეროსა და ინძაგის გოლებით უკონკურენტო იყო. დელ პიერომ 1998 წლის 8 ნოემბერს, უდინეში უმძიმესი ტრავმა მიიღო, რასაც გუნდის დაღმასვლა მოჰყვა. ლიპი კი ანჩელოტიმ შეცვალა.

ორი უტიტულო სეზონის შემდეგ მარჩელო ლიპი 2001 წელს დაბრუნდა. გუნდი დატოვეს ინძაგიმ და ზიდანმა, თუმცა მოვიდნენ ბუფონი, ტურამი და ნედვედი. იმ სეზონში ჩემპიონის ბედი ბოლო ტურში გაირკვა. „ინტერი“ რომში, „ლაციოსთან“ თამაშობდა, ხოლო „იუვე“ უდინეში. საბოლოოდ, „ინტერი“ დამარცხდა, „იუვენტუსმა“ მოიგო და „ბიანკონერი“ ჩემპიონი გახდა.

ტრეზეგესა და დელ პიეროს სიხარული, რონალდოს ცრემლები. ეს კადრები 26-ე სკუდეტოს ამსახველია. 2003 წლის 24 იანვარი „იუვენტუსის“ ისტორიაში სამწუხარო თარიღია. გარდაიცვალა ჯოვანი ანიელი. მაისში კი, ზედიზედ მეორე სკუდეტოს ჯერი დადგა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

გუნდის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. 15 ივლისს მიღწეულ იქნა შეთანხმება ქალაქის ხელმძღვანელობასთან „სტადიო დელე ალპის“ შესახებ, სადაც ახალი არენა უნდა აშენებულიყო. იმავდროულად, გუნდი აშშ-ში იტალიის სუპერთასზე თამაშობდა და „მილანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა. თუმცა, ზეიმი ხანმოკლე გამოდგა, რადგან იმ დღეებში გარდაიცვალა პრეზიდენტი დი კიუზანო. მისი ადგილი „ფიატის“ ვიცე-პრეზიდენტმა სტივენსმა დაიკავა. მომდევნო სეზონი წარუმატებელი გამოდგა, რასაც კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი დაერთო – 2004 წლის 27 მაისს, უმბერტო ანიელი გარდაიცვალა.