ბოლო დროს უცხოური მედია ხშირად წერდა, რომ ზინედინ ზიდანი „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის პოსტს 2019 წლის ზაფხულიდან დაიკავებდა. თუმცა, დღეს Tuttosport-ი რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ტურინული გამოცემა წერს, ანდრეა ანიელი ალეგრისთან შელევას არ აპირებს და საუბარი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მიმდინარეობს.
„ალეგრი, როგორც ტრაპი“ – ასეთი სათაურით გამოქვეყნდა Tuttosport-ის დღევანდელი ნომერი. საქმე ისაა, რომ ჯოვანი ტრაპატონი „იუვენტუსს“ 1976-1986 წლებში წვრთნიდა, შემდეგ კი 1991-1994 წლებში. შედეგად, გამოცემა წერს, რომ ტრაპატონის მსგავსად ალეგრიც დიდი ხნით დარჩება „იუვეს“ თავკაცის პოსტზე.
მოქმედი ხელშეკრულება მასიმილიანოს 2020 წლის ზაფხულში ეწურება და ახლა საუბარია მისი ორი წლით, 2022 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებაზე.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ „იუვე“ 2014 წელს ჩაიბარა და ამ პერიოდის განმავლობაში 4-ჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა გუნდი.