ემრე ჯანი „იუვენტუსის“ დატოვებას მიმდინარე თვეში აპირებს. მაურიციო სარი გერმანელს საერთოდ არ ენდობა მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი კონკურენტი სამი ხედირა ტრავმირებულია.
სარიმ ამ პოზიციაზე ჯერ როდრიგო ბენტანკური ათამაშა, შემდეგ ადრიენ რაბიო, ბოლოს კი ფედერიკო ბერნარდესკი. ემრე კი, მოედანზე იტალიის თასის შეხვედრაშიც არ გამოჩენილა.
ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ ჯანი სარის გეგმებში საერთოდ აღარ ჯდება და სათამაშო პრაქტიკა არ გაეზრდება. ემრეს ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს და ამისთვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ამიტომაც, მისი აგენტი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს, რომ ემრეს გუნდის დატოვების საკითხი განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი „იუვენტუსს“ 2018 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. შარშან მასიმილიანო ალეგრი ხშირად ენდობოდა და კარგი სეზონიც ჩაატარა, მაგრამ მაურიციო სარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.