„ვენეციასა“ და „პალერმოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მან „იუვენტუსი“ უნდა დატოვოს. ძამპარინიმ ამის მიზეზიც დაასახელა.
„მე ის ძალიან მიყვარს, ის ჩემპიონია, ძალიან დიდი ფეხბურთელი. დიდი სიამოვნებით ვუყურე მის გოლს „ნაპოლის“ კარში. მე მას ვუგზავნი შეტყობინებებს და ვეუბნები, რომ „იუვენტუსი“ დატოვოს, ის უნდა იყოს გუნდის ამოსავალი წერტილი და თამაშის შემქმნელი, მოედანზე თავისუფალი. მას შემდეგ, რაც რონალდუ „იუვეში“ მივიდა, აღარ არის ის დიბალა, რომელსაც ვიცნობთ, რადგან ისინი მოედანზე ერთად ვერ თანაარსებობენ, ორივე ლიდერია და იმიტომ. პაულო „რეალის“ და „ბარსელონას“ დონის ფეხბურთელია.
მაროტა? მას „ვენეციადან“ ვიცნობ. სანამ „ინტერში“ კონტესა და მისი დუეტია, ეს გუნდი მოიგებს, შეიძლება ვერ მოიგოს ლამაზი ფეხბურთით, მაგრამ გამარჯვებას მოიპოვებს. „იუვენტუსში“ გადაწყვიტეს მუშაობა მაროტას გარეშე გაეგრძელებინათ, მაგრამ ის თავის საქმეში ისეთივე დიდია, როგორც დიბალა ან რონალდუ მოედანზე. ის სერიოზული პიროვნებაა და ფეხბურთს იცნობს“, – თქვა ძამპარინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ დიბალა 2015 წელს სწორედ ძამპარინის „პალერმოდან“ იყიდა. არგენტინემს ტურინში 245 მატჩში 99 გოლი აქვს გატანილი. მას კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, განახლებაზე კი მხარეები ვერ თანხმდებიან. იტალიური მედია წერს, რომ დიბალას „იუვედან“ წასვლა ზაფხულში პრაქტიკულად გარდაუვალია.