ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ განაცხადა, რომ ხშირი ტრავმიანობის გამო კარიერის დასრულებაზე არაერთხელ უფიქრია. თუმცა, იცის, რომ ეს მისი ვნებაა და ფეხბურთის თამაშის გარეშე არ შეუძლია.
„არის მომენტები, როდესაც ვფიქრობ: „კიდევ შემიძლია ვითამაშო?“ რადგან მოედანზე გავდივარ და ხშირად ტრავმას ვიღებ. შემდეგ, როდესაც ტელევიზორს ვუყურებ, ვხვდები, რომ ეს ჩემი ვნებაა და კვლავაც შემიძლია მაღალ დონეზე თამაში.
ხშირი ტრავმები არის ის, რაც მაწუხებს. მაქვს პოტენციალი, რომ ტოპ ფეხბურთელი ვიყო, მაგრამ საუკეთესო ფორმაში ყოფნას ხშირად ვერ ვახერხებ და შესაძლოა ეს ჩემი ბრალიცაა.
ყოველთვის, როდესაც ტკივილს განვიცდი, ჩემს თავს ვეკითხები: რა გავაკეთე არასწორად? მაინტერესებს, რატომ არ შემიძლია სტაბილურად თამაში. ეს მაწუხებს და ცუდად მხდის“, – განაცხადა დუგლასმა.
აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების სეზონში დუგლას კოშტამ ტრავმა სამჯერ მიიღო და უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა.