ტურინის „იუვენტუსის“ შემტევმა დუგლას კოშტამ Sky Sport-თან სეზონის განვლილ ნაწილზე, კონკურენტებსა და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.
ბრაზილიელი შემტევის განცხადებით, „იუვეს“ სერია A-ში „ნაპოლის“ სახით მნიშვნელოვანი კონკურენტი ჰყავს.
„რაღაც მომენტებში კარგად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ, როდესაც ამის გაკეთება აუცილებელია, ვახერხებთ. სეზონი მნიშვნელოვანი რეკორდით დავიწყეთ, გუნდი მართლაც ძლიერია.
ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი ნამდვილადაა „ნაპოლი“, მაგრამ ასევე „ინტერი“, რომელიც თანაბრად გვეთამაშა. გარდა ამისა, კარგად თამაშობენ „რომა“ და „მილანი“. სერია A-ში ბევრი კარგი გუნდია და სტუმრად გამარჯვება ყოველთვის რთულია.
ჩემპიონთა ლიგა? – ყოველთვის ვცდილობთ სამი ქულის მოპოვებას და ნამდვილად გვაწუხებს, რომ „მანჩესტერთან“ წავაგეთ. ოთხშაბათს მხოლოდ და მხოლოდ უნდა გავიმარჯვოთ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი გზის გასაგრძელებლად“, – განაცხადა დუგლას კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში სტუმრად „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.