ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ დინო ძოფმა „ლაციოსთან“ მოახლოებულ მატჩზე Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა. ძოფის სახელი ყველაზე მეტად ამ ორ გუნდს უკავშირდება.
დინო „იუვეს“ მეკარე და შემდეგ მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო „ლაციოში“ ის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის პოსტებს სხვა და სხვა წლებში იკავებდა.
„ეს მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია. თუ „იუვეს“ სურს სკუდეტოსთვის ბრძოლა გააგრძელოს, უნდა მოიგოს. თუმცა, ასევე „ლაციომაც“, რომელიც ზედიზედ ორი წაგების შემდეგ რეაბილიტირებას საჭიროებს და ოთხეულისთვის ბრძოლა უნდა გააგრძელოს. აუცილებელია გავიგოთ აღიდგინეს თუ არა მენტალური და ფიზიკური ენერიგა. „ტორინოსთან“ გადადებული მატჩი „ლაციოს“ დაეხმარა.
პირლო? ის ძალიან ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანია. გუნდი გაახალგაზრდავდა და რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია. ადვილი არ არის ზედიზედ მეათე სკუდეტოს მოგება, მიუხედავად იმისა, რომ გარემო გამარჯვებას მიჩვეულია.
„იუვე“ რონალდუზეა დამოკიდებული? დიდი ფეხბურთელები ყოველთვის მნიშვნელოვნები არიან, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდზე ვსაუბრობთ. გუნდ ამ კვირაში მორატაც დაუბრუნდა და ეს კარგია.
სკუდეტო? თუ „იუვე“ „ლაციოს“ ვერ მოუგებს, გზას ნამდვილად კიდევ უფრო გაირთულებს. წინ „ინტერია“, ჯანმრთელი, კარგად მომზადებული გუნდი, რომელიც ევროთასებზეც აღარ თამაშობს“, – თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.