ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია A-ს პირველად გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენთვის თავდამსხმელებისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, რწმენას გვაძლევს. ეს მჭირდებოდა, ბევრი თამაშის განმავლობაში მშვიდად არ ვიყავი. ძალიან მომწონს ბურთთან შეხება, თანაგუნდელებთან თამაში და ეს მაკლდა, იმედია ეს გოლი ნდობას მომანიჭებს. შარშან საოცარი წელი მქონდა, წელს ნაკლებად კარგად დავიწყე, მაგრამ ვცდილობდი მეთამაშა და სიტუაციის გამოსწორება მეცადა. ალბათ ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ეს შეცდომა იყო, რადგან მოედანზე მშვიდად უნდა შევსულიყავი.
დღეს კარგად არ მითამაშია, მაგრამ ეს გოლი მნიშვნელოვანი იყო და გამარჯვებითაც ბედნიერი ვარ. მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ყოველთვის ვსაუბრობთ, კარგი დიალოგი გვაქვს და ეს მშვენიერია. მას ყოველთვის ჰქონდა ჩემი რწმენა და ჩემზე ყოველთვის კარგად საუბრობდა. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გუნდისთვის მისაცემი, უნდა გავაგრძელო ვარჯიში ყველა სიტუაციაში.
სამწუხაროდ, ბევრი რამ ითქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩემი აგენტი დიდი ხანი ტურინში იმყოფებოდა და მას არ დაურეკავს. ასე, რომ ფულზე და გამოგონილ ციფრებზე სიმართლე არ თქმულა. კარგი იქნება სიმართლის თქმა. ჩემს წინააღმდეგ ხალხს განაწყობენ და „იუვესადმი“ ჩემს სიყვარულში ეჭვი შეაქვთ. მე მიყვარს „იუვე“. ამას ყოველთვის ვამბობდი. სამწუხაროდ, ეს ჭორები გამოგონილია იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ და გულშემატკივრები ჩემს წინააღმდეგ განაწყონ. მე ძალიან ერთგული ვარ ამ კლუბისადმი და ეს ხალხმა იცის“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდვნო ტურშ კი ოთხშაბათს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.