ახლა, როდესაც მერიჰ დემირალი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ვის დაიმატებს „იუვე“ დაცვის ცენტრში? არავის! წერს Tuttosport-ი.
არათუ ახალი მცველის მოსვლაა გამორიცხული, არამედ „იუვენტუსი“ „ჯენოაში“ განათხოვრებული კრისტიან რომეროს დაბრუნებასაც არ აპირებს. მიზეზი მარტივია – კლუბში დანიელე რუგანის ნდობას უცხადებენ. ამჟამად, მაურიციო სარის განკარგულებაში სამი ცენტრალური მცველია – ლეონარდო ბონუჩი, მატიას დე ლიხტი და დანიელე რუგანი. ძირითადი შემადგენლობის წყვილი, რა თქმა უნდა, ბონუჩი-დე ლიხტია, ხოლო როტაციისთვის და შეცვლებისთვის რუგანი.
აღსანიშნავია, რომ სანამ დემირალი სერიოზულ ტრავმას მიიღებდა, მანამდეც ფაბიო პარატიჩი გუნდიდან რუგანის წასვლას გამორიცხავდა და თქვა, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო:
„ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ჩვენთან თითქმის 100 თამაში აქვს ჩატარებული. გვავიწყდება, რომ ყოველსეზონში თამაშების 50%-ზე მეტს ატარებდა. ალბათ, იმიტომ არ არის ქომაგების და მედიის ცენტრში, რომ არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, არ არის მოდური, არ აქვს ტატუ, არ ხვდება გაზეთების პირველ გვერდებზე ჭორების გამო და ნაკლებად ააფასებენ ამის გამო“, – თქვა პარატიჩიმ.
ამრიგად, ტურინში მცველის დამატება არ იგეგმება. მარტის დასაწყისთვის ჯორჯო კიელინი სრულად მზად უნდა იყოს სათამაშოდ, იქამდე თვენახევარი დარჩა და მანამდე ბონუჩი, დე ლიხტი და რუგანი ალბათ მართლაც საკმარისი არჩევანი იქნება. შემდეგ კი, გუნდს კაპიტანიც დაუბრუნდება.