IlBianconero-მ გულშემატკივართა გამოკითხვით “იუვენტუსის” ოცწლეულის გუნდი გამოავლინა, რომელიც ასეთია: ბუფონი; ტურამი, ბარძალი, კიელინი, ძამბროტა; დავიდსი, პირლო, ზიდანი; ნედვედი; დელ პიერო, ტერეზე.
როგორც ხედავთ 11-დან 9 ფეხბურთელი ლუჩანო მოჯის “ბებერ სინიორაში“ მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება.
მოჯიმ ზემოხსენებულ ვებგვერდთან ცხრავე ფეხბურთელის ტრანსფერის ისტორია გაიხსენა (პირლოს და ბარძალის გარდა, როდესაც გუნდში არ ყოფილა). სანამ მოჯის ნაამბობზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ის „იუვენტუსში“ 1994 წლის ზაფხულში „ნაპოლიდან“ მივიდა.
ჯანლუიჯი ბუფონი (2001 წელი) – პარმაში წავედი, მოლაპარაკებებით გათვალისწინებული იყო 55 მილიარდი ლირა (იმ დროისთვის იტალიური ფულის ერთეული) და ჯონათან ბაკინი. ჯიჯის გადაბირება „რომას“ და „ბარსელონას“ სურდათ, მაგრამ ეს სწრაფი მოლაპრაკება იყო, რადგან „ჯალობლუს“ უნდა გაეყიდა და მას ჩვენთან გადმოსვლა სურდა. ცოტა გამიჭირდა ბაკინის ჩასმა ამ გარიგებაში, რადგან მათ 100 მილიარდი სურდათ, თუმცა ნახევარ დღეში ყველაფერი დავხურეთ.
ლილიან ტურამი (2001) – ის იმავე დღეს ვიყიდეთ, როცა ბუფონი. პარმაში ჯიჯის საყიდლად წავედით და ნახევარ დღეში ტურინში ჯიჯი და ტურამი ჩამოვიყვანეთ. მინდოდა მეჩქარა, რადგან მეშინოდა, რომ გაზეთებში დაწერდნენ ამის შესახებ და ყველაფერი ჩაიშლებოდა.
ჯორჯო კიელინი (2004) – მისი უფლებები „რომას“ და „ლივორნოს“ სანახევროდ ეკუთვნოდათ. „ჯალოროსის“ ბაზარი დაბლოკილი ჰქონდა, ამიტომ „ლივორნოს“ პრეზიდენტმა სპინელიმ უფლებების მეორე ნახევარიც გამოისყიდა და შემდეგ ჩვენ მოგვყიდა. 20 მილიარდი ლირა გადავიხადეთ და მაშინვე „ფიორენტინაში“ იჯარით გავუშვით. როდესაც „ბიანკონერიში“ მოვიდა, მარცხენა მცველი იყო, ჩვენ კი ცენტრში გადავწიეთ.
ჯანლუკა ძამბროტა (1999) – ნახევარმცველი იყო და „ბარიდან“ ფლანგის გასაძლიერებლად შევიძინეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგად თამაშობდა და მსოფლიო ჩემპიონიცაა. მისი ღირებულება არ იყო ბევრი, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გახლდათ და დაახლოებით 2-3 მილიარდი ლირა გადავიხადე.
ედგარ დავიდსი (1997) – მას ჯერ კიდევ „აიაქსში“ თამაშის დროს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მის ყიდვას, მაგრამ დამასწრეს. როდესაც გავიგე, რომ „მილანს“ მისი გაყიდვა „ბარსელონაში“ სურდა, ავღელდი, არცერთი წამით არ მინდოდა ხელიდან გამეშვა. 5 მილიარდი ლირა გადავიხადე.
ზინედინ ზიდანი (1996) – მისი თამაში უეფას თასზე „მილანი“ – „ბორდოს“ შეხვედრაში ორჯერ ვნახე, რომლის ბედი მან გადაწყვიტა და საპასუხო თამაში პრაქტიკულად მარტომ მოიგო. „ბორდოს“ ფულის შოვნა სჭირდებოდა და 5 მილიარდი გადავუხადე. პარალელურად „მილანმა” კრისტოფ დიუგარიში იმავე გუნდს 18 მილიარდი ლირა გადაუხადა.
პაველ ნედვედი (2001) – ყოველჯერზე, როდესაც „ლაციოს“ ვეთამაშებოდით, ის გოლებს გვიტანდა. იმ წელს გვჭირდებოდა მისი თვისებების მქონე ფეხბურთელები და მისი ტრანსფერი ზიდანის გაყიდვამდე ცოტა ხნით ადრე შევათანხმე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფრანგი წავიდოდა, რადგან „რეალის“ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა. ამ დროს ნედვედის შეძენა მანამდე უნდა მომეხერხებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „ლაციო“ ფასს გაგვიზრდიდა.
დავიდ ტრეზეგე (2000) – ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, თუმცა ვიცნობდი, რადგან „მონაკოში“ ვაკვირდებოდი. ანრის შემცვლელებს შორის ფსონი მასზე დავდე, რადგან ტიერი „არსენალში“ გავყიდეთ. იმ წელს ვიყიდეთ, როდესაც იტალიას ევროპის ჩემპიონატზე „ოქროს გოლი“ გაუტანა. მჭირდებოდა საჯარიმოს ცენტრფორვარდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. ხშირად ფრანგები სერია A-ში კარგად თამაშობენ.
ალესანდრო დელ პიერო (ალექსი არ არის მოჯის შეძენილი, მაგრამ ის იხსენებს): – „როდესაც „იუვენტუსში“ მივედი (1994 წლის ზაფხული) ის უკვე „პარმაში“ გაყიდული იყო, ხელშეკრულებები გაფორმებული გახლდათ. ის ნიუ-იორკში იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ტანცისთან ერთად. მეც იქ წავედი და რამდენიმე დღეში „პარმას“ პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ დელ პიერო ჩვენთან დარჩებოდა. სამაგიეროდ, მათ დინო ბაჯო დავუთმე“.