მატიას დე ლიხტისთვის მიმდინარე სეზონი კარგად არ დაწყებულა. იყო რამდენიმე წარუმატებელი მატჩი და ბევრი კრიტიკა. ამას ისიც დაემატა, რომ ძირითად შემადგენლობაში ჯორჯო კიელინის ტრავმის მიუხედავად ადგილი დაკარგა და მისი პოზიცია მერიჰ დემირალმა შესანიშნავად დაიკავა.
თურქმა შემდეგ სერიოზული ტრავმა მიიღო და დე ლიხტი სასტარტოს დაუბრუნდა. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, ნიდერლანდელი დაცვაში ალბათ ყველაზე კარგია.
დე ლიხტის პროგრესი ბოლო ხანს თვალში საცემია და თითქმის ყველა მატჩში მცველებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას იღებს. „ინტერთან“ მატიასმა მორიგი კარგი თამაში ჩაატარა, ლეონარდო ბონუჩისთან ერთად ლაუტარო მარტინესი და რომელუ ლუკაკუ თამაშიდან გამოთიშა და რაც მთავარია, მისი ზონიდან ხიფათი საერთოდ არ შექმნილა.
ამასობაში მაურიციო სარის განკარგულებაში ჯორჯო კიელინიც იმყოფება. სარისთვის ბონუჩი შეუცვლელი ფეხბურთელია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ სკამზე დასვას. თავის მხრივ, კიელინი გუნდის ლიდერია, მაგრამ ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა.
Tuttosport-ი გვამცნობს, რომ „ლიონთან“ მატჩამდე ერთი კვირით ადრე, სარის საფიქრალი აქვს, ვინ გაამწესოს დაცვის ცენტრში ხსენებული სამეულიდან. გამოცემის ვარაუდით, სარი უპირატესობას ისევ მატიას დე ლიხტს მიანიჭებს, რომლის ბოლო თამაშებიდან გამომდინარე მისი ნდობა თამამად შეიძლება.