ტურინის „იუვენტუსს“ შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ახალი კაპიტანი ჰყავდეს. Tuttosport-ი წერს, რომ ჯორჯო კიელინის შემდეგ კაპიტნის სამკლავურს მატიას დე ლიხტი მოირგებს.
კიელინი დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს და ახლა ვიცე-კაპიტანი ლეონარდო ბონუჩია, მაგრამ კლუბს სურს ისეთი კაპიტანი ჰყავდეს, რომელიც მუდმივად მოედანზე იქნება და ახალგაზრდაა. დე ლიხტი ამ კუთხით იდეალური კანდიდატია, რადგან მიუხედავად ასაკისა (20 წლის) ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი იყო და ეს გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელი იტალიაში ცხოვრებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ქვეყანას დიდ პატივს სცემს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იტალიური ენა სწრაფად ისწავლა, განსხვავებით მაგალითად კრიშტიანუ რონალდუსგან, რომელსაც იგივეს გაკეთების მცდელობაც არ ჰქონია.
დე ლიხტის გარდა არსებობს კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას ვარიანტები, მაგრამ ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურებათ და გარდა ამისა, არ არის გამორიცხული ზაფხულში გუნდი დატოვონ.
ამიტომაც, დე ლიხტის კანდიდატური გამოკვეთილია, თანაც გუნდი გაახალგაზრდავების გზას ადგას და მათ სჭირდებათ მოედანზე ლიდერი. ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, მაგრამ უტოპიურ ვერსიას სულაც არ ჰგავს.