ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პორტუსთან“ (1:2) წააგო და მატჩის შემდეგ დანილომ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და საპასუხო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
„ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და „პორტუ“ კარგად მომზადებული შეგვხდებოდა. შესაბამისად, მათთვის ამდენი საჩუქარი არ უნდა გაგვეკეთებინა. მიდგომა უნდა შევცვალოთ, რადგან თამაშები პირველივე წუთიდან იწყება. მათი გოლის შემდეგ გაცილებით რთული გახდა სივრცეების და სწორი თამაშის პოვნა“, – თქვა დანილომ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ტურინში 9 მარტს გაიმართება, ხოლო მომდევნო შეხვედრას „იუვე“ ორშაბათს „კროტონესთან“ ჩაატარებს.