„სან პაულუს“ ფეხბურთელმა დანი ალვეშმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტურინში ყველაზე საშინელი ერთი წელი გაატარა. როგორც მან თქვა, „იუვეში“ „ბარსელონას“ გამო გადავიდა.
„იუვენტუსში“ გატარებული წელი ჩემს კარიერაში საშინელი იყო. მინდოდა ისე ვყოფილიყავი, როგორც „ბარსელონაში“ და ასე არ იყო. საკუთარი თავი უნდა მეპოვა და გამეძლო. „ბარსელონაში“ მთელი ცხოვრება დავრჩებოდი, მაგრამ უპატივცემულოდ მომექცნენ და ჩემი გაგდება უკანა კარიდან უნდოდათ. ისე თუ მომექცეოდნენ, როგორც ვიმსახურებდი, დავრჩებოდი. ისეთ დიდ გუნდს ვუთხარი უარი როგორიც „რეალია“ და ეს „ბარსელონაში“ დასარჩენად გავაკეთე.
„იუვეში“ „ბარსელონას“ გამო გადავედი, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ისევ მაღალ დონეზე შემეძლო თამაში და შემდეგ უკან დავბრუნებულიყავი, თუმცა მათ ჩემს დასაბრუნებლად არ ეყოთ გამბედაობა, რადგან ამით თავიანთ შეცდომას აღიარებდნენ. „ბარსელონაში“ არასწორად მომექცნენ“, – თქვა ალვეშმა.
შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „იუვენტუსში“ 2016 წლის ზაფხულში გადავიდა, ერთ წელში კი გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და პსჟ-ში გადავიდა. მან ტურინში 33 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. აღსანინავია, რომ ერთ სეზონში 6 გოლი მას „ბარსელონას“ მაისურით არ გაუტანია, კატალონიაში მისი საუკეთესო შედეგი სეზონში 5 გოლი იყო. დანი ალვეში „იუვენტუსში“ სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო, ამავდროულად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.