ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები დაბნეულები არიან, რადგან მოხვდნენ ისეთ გარემოცვაში, სადაც ჯგუფის ნაწილი კლუბის დიდებულ ისტორიას ღალატობს და შესაბამისად არ იქცევიან.
„იუვე“ უპირველეს ყოვლისა იყო გუნდი, რომელსაც ნებისმიერი გზით გამარჯვება სურდა, ეყრდნობოდა ძლიერი პიროვნების მებრძოლებსა და რამდენიმე ჩემპიონს, რომელთაც ნებისმიერი სიტუაციის მოგვარება შეეძლოთ. გულწრფელად გითხრათ, რთულია თამაშის ხარისხის შეფასება. ზაფხულში მოსული ახალგაზრდებიც დაბნეულები ჩანან, ვფიქრობ, ისინი შეხვდნენ გუნდის ჯგუფს, რომლებიც დიდებული კლუბის ისტორიას ღალატობენ.
თუ „ბიანკონერი“ვერ იპოვის მოტივაციას, პირლოსთვისაც რთული იქნება, ისევე როგორც ნებისმიერი მწვრთნელისთვის იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, 9-წლიანი ჰეგემონია მოითხოვს მენტალურ და პროფესიულ ძალისხმევას“, – თქვა საკიმ.