ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაგრძელებთ გასახდელში სკუდეტოზე საუბარს, ნამდვილად ასეა. ეს არის მიზანი და ჩვენი მოვალეობა, ის ხელმისაწვდომია, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურენტები გვყავს. თუმცა, ჩვენ „იუვე“ ვართ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უფრო სწრაფია, თამაშები სულ სხვაგვარია. ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ, მაგრამ მანამდეც ვიცოდით. ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ, ბევრს ვმუშაობთ, რადგან ტემპი ერთნაირი უნდა გვქონდეს ჩემპიონთა ლიგაზეც და სერია A-შიც.
„ვერონა“ განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობს, ფიზიკურად ძლიერი გუნდია, „ატალანტას“ სტილში თამაშობს, ვიცით, რომ პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. რთული თამაში იქნება და სწორად უნდა მივუდგეთ. დრაგუსინი? არცერთი მცველი არ გამოჯანმრთელებულა და დანილო დისკვალიფიცირებულია, ამიტომ, მან შეიძლება ძირითადში ითამაშოს. ნახევარდაცვაში რაბიო დაგვიბრუნდა და კარგია, რადგან ამ რგოლში მაინც გვაქვს ერთით მეტი არჩევანი.
დიბალას ოპერაციის საფრთხე არ ემუქრება, მან ბარსელონაში კონსულტაცია გაიარა, ახლა ვაფასებთ მდგომარეობას ვმკურნალობთ, რომ უწრაფესად დაგვიბრუნდეს. შეტევაში პრობლემა არ უკავშირდება სატრანსფერო ბაზარზე პასიურობას და ფორვარდის გუნდში არყოფნას, უბრალოდ დიბალას ტრავმა თავიდან უფრო მსუბუქი ჩანდა და დაბრუნების დროები გახანგრძლივდა. მორატა? კვირამდე უნდა დაისვენოს, კულუშევსკი კარგადაა, ბევრს თამაშობს, შეიძლება ისეთ პოზიციაზეც, რომელიც მისი არ არის, მაგრამ კარგად არის და ვთხოვთ, რომ ითამაშოს პოზიციაზე, რომელიც მისი მახასიათებლებისგან განსხვავებულია.
ბერნარდესკის თამაშის შანსი არსებობს, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც ყოველთვის კარგადაა და ხვალ შეიძლება ძირითადში იყოს. კიეზას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, მაგრამ უფრო მაინც მარჯვენა ფლანგზე თავს უკეთ გრძნობს, რადგან მიჩვეულია ამ ზონაში თამაშს. მისი პოზიცია დამოკიდებულია სიტუაციაზე, რა ტიპის თამაში გვინდა და ვინ არის მეტოქე.
ჩემი თამაში? კარგად ვარ, მაგრამ ვერ ვთამაშობ. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ვინმეს ადგილზე, მაგრამ ვცდილობ მოვახერხო იმ მოთამაშეთა ადაპტირება, რომლებიც ჩემს განკარგულებაშია. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ საუკეთესოდ გამოვიყენოთ ისინი, ვინც ჩვენს განკარგულებაში არიან“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ვერონასა“ და ‘იუვენტუსის“ მატჩი 27 თებერვალს, 23:45 საათზე გაიმართება.