ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ამ კვირაში კარგად ვიმუშავეთ, უკეთ, ვიდრე წინა კვირაში. დატვირთვა იზრდება და ბიჭებიც კარგად მუშაობა. მწვრთნელობა სხვა ემოციაა, რადგან მატჩის ბედს მე არ ვწყვეტ და იმ მოთამაშეებზე ვარ დამოკიდებული, რომლებიც მოედანზე გამოდიან.
ცენტრფორვარდის დამატებას ვცდილობდით და ამ კვირაში ეს შევძელით. მასთან სამუშაოდ ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ჩემს გონებაში დიდი ხანია ვფიქრობ, როგორ განვათავსო ფეხბურთელები მოედანზე, ისე, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინონ შესაძლებლობები. არ ვიცი იქნება თუ არა დიბალა რომში, ის დაბრუნდა, მაგრამ ორი თვეა არ უთამაშია და ფორმაში შესვლა სჭირდება. როტაცია? მხოლოდ ერთი მატჩის შემდეგ ამის განხორციელება ცოტა უცნაურად მეჩვენება. ვეცდებით, საუკეთესო შემადგენლობა გავიყვანო მინდორზე ტაქტიკური მოთხოვნილებებისა და „რომას“ თვისებების შესაბამისად.
მორატას დიდი ხანია ვიცნობ, მას შეუძლია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად კარგად თამაში. ის არ ყოფილა მესამე არჩევანი ჩვენთვის, მაგრამ აქვს ის თვისებები, რაც გვჭირდებოდა. ჯეკო სახიფათო ფეხბურთელია, შესანიშნავი მოთამაშე და შეიძლებოდა ჩვენი ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდა.
პელეგრინისთან ვისაუბრე, უფრო სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ერთი წელი ისევ გავანათხოვრეთ, თუნდაც იმიტომ, რომ წინ ევროპის ჩემპიონატია და სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რადგან აქ ალბათ ბევრი დრო არ მიეცემოდა. დე შილიო? ჩვენს განკარგულებაშია, როგორც წინა კვირას იყოს.
ყველა გუნდი გაძლიერდა. როგორც უკვე ვთქვი, ყველანი სეზონს ნულიდან ვიწყებთ. საინტერესო ჩემპიონატი იქნება და ბოლო ტურამდე ბრძოლა მოგვიწევს. მიუხედავად ზედიზედ 9 ტიტულისა ჩემი გუნდი მშიერია და უნდათ კვლავ ჩემპიონობა. სანამ ეს ენთუზიაზმი და სურვილი არსებობს, დამოკიდებულება ყოველთვის სწორი იქნება. იტალიის ჩემპიონატში ყველა თამაში რთულია.
ამჟამად სატრანსფერო ფანჯრიდან არაფერს ველოდები. თუ იქნება შესაძლებლობა, განვიხილავთ და შევაფასებთ. ხედირა? მასთან ერთად ვაფასებთ სიტუაციას, თუ რა იქნება საუკეთესო გამოსავალი და ვიმედოვნებთ, რომ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც ორივე მხარისთვის სწორი იქნება. ბერნარდესკის ვერ ვუყურებ როგორც ტრეკვარტისტას, ის ძლიერია, ტექნიკური და ვფიქრობ, მისი ადგილი ფლანგზეა, რადგან ფართო დიაპაზონი სჭირდება, ისევე როგორც დუგლას კოშტას. არტური უთამაშებელი შემოგვიერთდა, მაგრამ კარგად მუშაობს, ადაპტაციას გადის“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „რომას“ სტუმრად 27 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.