ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების მდგომარეობაზე და გუნდში არსებულ ვითარებაზე ვრცლად და დეტალურად ისაუბრა.
„ამ დილით ზოგიერთებმა გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშეს, საბედნიეროდ აღსადგენად კიდევ ერთი დღე გვაქვს. სამწუხაროა ბენტანკურის დანაკლისი, რადგან ნახევარდაცვაში დიდი არჩევანი არ გვაქვს. დღეს დილით გავიგეთ „სპეციაში“ დადებითი ტესტების შესახებ და ახლა ჩვენ ველოდებით მომდევნო ტესტირების პასუხებს. ნახევარდაცვაში ბევრი მოთამაშე არ გვყავს, მოგვიწევს რაღაცის გამოგონება, რომ საუკეთესო შემადგენლობა გავიდეს მოედანზე.
ფაჯიოლის თამაში დამოკიდებულია იმაზეც, რომელი ფეხბურთელები არიან ჩვენს განკარგულებაში. ის კარგად თამაშობს, სწორად ვარჯიშობს და თუ ძირითადში დავაყენებ, მშვიდად ვიქნები. რემზი კარგადაა და რა თქმა უნდა თამაშის ნაწილი იქნება, დამატებითი იარაღი. არტური? ბოლო კონტროლმა კარგად ჩაიარა, ტკივილი იკლებს, ვნახოთ, ვიმედოვნებთ, რომ „პორტუსთან“ მატჩში მონაწილეობას შეძლებს. რონალდუ? როგორც ყველასთვის, მისთვისაც დასვენება კარგი იქნება, როდესაც სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ. თუმცა, ახლა არჩევანი არ გვაქვს და ისიც მზადაა. დე ლიხტს ჯერ არ უვარჯიშია, ვნახოთ ხვალ როგორ იქნება. ბონუჩიმ დღეს ივარჯიშა, მაგრამ 16-დღიანი უქმობის შემდეგ დაგვიბრუნდა და 100%-ით ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის. მორატა უკეთაა, იმედი გვაქვს, რომ მოედანზე ნახევარ საათზე მეტის გატარებას შეძლებს.
„იუვენტუსისთვის“ ყველა თამაში გადამწყვეტია. ახლა „ლაციო“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, შემდეგ „პორტუ“. ახლა მთელი ენერგიით კონცენტრაცია „ლაციოს“ დასამარცხებლად უნდა მოვმართოთ. ენთუზიაზმი არის, მისი პოვნა არ გვჭირდება. ბევრ თამაშს მჭიდრო გრაფიკში ვთამაშობთ და გვესმის, რომ ზოგჯერ ენთუზიაზმის ნაკლებობა იგრძნობა. საკის სიტყვები დაბნეულ ახალგაზრდებზე და იმ ჯგუფზე, რომელიც კლუბის ისტორიას ღალატობს? მე არ წამიკითხავს, მაგრამ ახალგაზრდები კარგად თამაშობენ. კიეზამ 10 გოლი გაიტანა, კულუშევსკიმ და მაკკენიმ 5. ვეტერანები ახალგაზრდებს ყოველთვის ეხმარებოდნენ ადაპტაციაში, რადგან „იუვეში“ მოსვლა ადვილი არ არის. ისინი ახლაც ეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ყოველთვის არ არიან. ამის შესახებ მშვიდად და დარწმუნებული ვარ, ისტორიული ჯგუფი ყოველთვის ასრულებს თავისი საქმის ნაწილს.
„ლაციოსთან“ ჭკვიანური თამაში გვჭირდება. ვიცით, რომ ამდენი თამაშის შემდეგ საუკეთესო კონდიციაში არ ვართ, ამიტომ, საჭირო იქნება ჩვენი ძალების მაქსიმალურად განაწილება. „ლაციო“ შესანიშნავი გუნდია, 5-6 წელია ამ გუნდის ფეხბურთელები ერთად თამაშობენ, შესაბამისად აქვთ ჩამოყალიბებული თამაშის სცენარი და შედეგები მათზე საუბრობენ. ჩვენ საუკეთესოდ ვემზადებით მათი თვისებებიდან გამომდინარე. ძალიან კარგი გუნდი კონტრშეტევაზეც და ბურთის ფლობაშიც, განსაკუთრებით ნახევარმცველები.
„ინტერის“ გაქცევა არ მაშფოთებს, როგორც ეს არ მაწუხებდა გასულ კვირას. ჩვენ მოვიგეთ და მათაც მოიგეს, შესაბამისად, არაფერი შეცვლილა. ჩვენ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ისინი თუ მაინც ჩემპიონები გახდებიან, მივულოცავთ. შესაბამისად, არ ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. პროექტი გრძელდება, დრო და დრო, შეფასებები იცვლება, მაგრამ ჩვენ მშვიდად ვართ, რადგან გონებაში ბევრი რამ გვაქვს გათვალისწინებული. პროექტი შიშის გარეშე გრძელდება შეცდომის დაშვების შიშის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, შეცდომის უფლება აღარ გვაქვს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩი 6 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.