ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, რომ თავისი მაქსიმუმი აჩვენოს.
„კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ პირველ ტაიმში უფრო მტკიცე გუნდი უნდა ვყოფილიყავით. თუ თამაშებს უფრო ადრე არ დავხურავთ და ინტრიგას არ მოვკლავთ, რისკის ქვეშ ვიქნებით. მეორე ტაიმში კარგად გამოვედით მოედანზე, გამარჯვების სურვილით და კრიშტიანუ რონალდუ დაგვეხმარა.
დიბალამ კარგად ითამაშა. ჯერ კიდევ არაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ იზრდება. ჯერ კიდევ ადრეა მისი ნახვა მოედანზე რონალდუსთან და მორატასთან ერთად, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო დღეებში, კრიშტიანუ 20 დღის უმოქმედობის შემდეგ დაგვიბრუნდა, დიბალას თამაში ნელ-ნელა იხვეწება.
ტაქტიკური თვალსაზრისითი მეტ-ნაკლებად ასე დავრჩებით უახლოეს პერიოდში. თუნდაც სხვა ფეხბურთელების დაბრუნების შემთხვევაში. ვიზრდებით და გვექნება დრო, რომ ვიმუშაოთ თავდაცვით სიტუაციებზე. ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში ვართ და ამ დროისთვის „იუვე“ თავისი შესაძლებლობების 60%-70%-ს აჩვენებს. თანდათანობით ვარჯიშებზე უფრო მეტი რამ გამოჩნდება. ახლა თავდაცვით ფაზას ვამარტივებთ, რომ ბიჭებს ნაკლები სირბილი მოუწიოთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 12 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშთან“ ჩაატარებს.