ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა ისეთ მატჩებში, რომლების იოლად მოგების იმედი ჰქონდა.
„ჩვენ ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, განსაკუთრებით იოლ მატჩებში. მაგრამ როდესაც ასეთი მოგების სურვილი გაქვს, სასურველ შედეგს მიაღწევ. ეს არის ის, რაც სხვა მატჩებში გვაკლდა. მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ რამდენიმე კონტრშეტევა სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. წინა ორი მატჩის გამო გაბრაზებული ვიყავი და ყველა მწვრთნელი ასეა.
რატომ დავკარგეთ ამდენი ქულა? რამდენიმე თამაშს მოდუნებული შევხვდით, რადგან ვფიქრობდით, რომ ყველაფერი მარტივად იქნებოდა სატურნირო ცხრილში ჩვენზე დაბლა მყოფი გუნდების წინააღმდეგ. რეალურად მათ ქულები წაგვართვეს. ახლა დანებების უფლება აღარ გვაქვს.
დიბალა? როდესაც ასეთი მოთამაშე გყავს, რაც შეიძლება ხშირად უნდა ათამაშო, მაგრამ ის თითქმის არასდროს ყოფილა ჩვენს განკარგულებაში. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გაკლია, ყველაფერი რთულდება, დამატებითი ღირებულებაა. თუ დარჩება? მას კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, იმედია, შევძლებთ მის შენარჩუნებას.
ჩემი პირველი სეზონი? ბევრი არასწორი რამ გავაკეთე, მაგრამ ისევ გავიმეორებდი. პირველი წელი მწვრთნელად ადვილი არ არის, ზოგჯერ კარგად გამოგდის საქმის კეთება, ზოგჯერ შეცდომას უშვებ, მაგრამ ყველაფერი საჭიროა მომავლისთვის. შევცდი, როგორც ყველა ადამიანი ცდება.
ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობისთვის თუ „ინტერთან“ დიდი სხვაობისთვის ვწუხვარ? ორივესთვის. როდესაც „იუვეში“ თამაშობ, მიზნებს არ ირჩევ. შეგვეძლო ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შორს წასვლა, მაგრამ დავმარცხდით. შემდეგ „ბენევენტოსთანაც“ წავაგეთ და ეს ორი დიდი იმედგაცრუება იყო. გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩების ყურებამ ძალიან გაგვაბრაზა, რადგან შეიძლებოდა იქ ჩვენ ვყოფილიყავით“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 59 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს კვირას „ჯენოასთან“ გამართავს.