ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო „კალიარისთან“ მატჩამდე Juventus TV-ს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ექსპერიმენტებისა და ადაპტაციის დრო დასრულებულია და გუნდმა ამიერიდან ქულები მაქსიმალურად უნდა დააგროვოს.
„ჩემმა ფეხბურთელებმა ნაკრებში კარგად ითამაშეს? არ ვიცი არის თუ არა ეს ჩვენი დამსახურება. მაგრამ ისინი კარგი ფეხბურთელები არიან და ბოლო პერიოდში ნაკლებად უწევდათ თამაში. მინდორზე დაბრუნებამ კი მათ ნდობის ფაქტორი აუმაღლა და ბედნიერები ვართ, რომ თამაშის დიდი სურვილით დაბრუნდნენ.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველი თამაშია. ახლა ჩემპიონატი უწყვეტად დაიწყება და ადაპტაციის პერიოდი დასრულებულია, ისევე, როგორც ექსპერიმენტები. დღეიდან შობამდე 10 თამაში გვექნება და ყველა ფინალია. მინდა ხვალიდან განსხვავებული, საბრძოლო სულისკვეთება ვნახო.
დე ლიხტი და ალექს სანდრო კარგად არიან. მატიასი ჩვენთან კარგა ხანია ვარჯიშობს და ორთოპედის პასუხს ველოდებოდით. ახლა ყველაფერი კარგად არის და სათამაშოდ მზადაა. ალექს სანდრომ ვარჯიში გასულ კვირიდან განაახლა, ამიტომ ცოტა უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ ძირითადში ითამაშოს.
მინდა ვნახო გუნდი, რომელსაც შედეგის მიღწევა ნებისმიერი გზით უნდა. უნდა ვიყოთ მშიერები პირველიდან 90-ე წუთამდე და მინიმალური დეტალიც არ უნდა დავთმოთ. ის, რაც ბოლო წლებში „იუვეს“ ახასიათებდა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 21 ნოემბერს, „კალიარის“ თბილისის დროთ 23:45 საათზე დაუპირისპირდება.