ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ L’Equipe-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუზე, იდეალურ მწვრთნელზე და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე.
„რონალდუ საოცარი მაგალითია მენტალურ დონეზე. მოიგო 5 ოქროს ბურთი, 5 ჩემპიონთა ლიგა და ამის მიუხედავად ყოველთვის აქვს მიზნები. გამარჯვებას და დამარცხებას შორის განსხვავება ისაა, რომ მოსაგებად ყოველთვის უნდა გაიღო მსხვერპლი, იმუშაო ძალიან ბევრი, მაგრამ მხოლოდ რონალდუ არ არის უფრო ძლიერი, ვიდრე „იუვენტუსი“. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მცირ იღბალიც საჭიროა, გარდა იმისა, რომ სეზონის განმავლობაში უნდა შეხვიდე ოპტიმალურ ფიზიკურ და მენტალურ დონეზე.
საუკეთესო მწვრთნელია ის, ვინც თამაშის დროს საკუთარ გუნდს ნაკლებ ზიანს აყენებს. ორშაბათიდან პარასკევამდე მწვრთნელი აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ კვირას უკვე სხვა სიტუაციაა. მწვრთნელმა უნდა იგრძნოს მომენტი და გააცნობიეროს მეტოქიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება. ზოგჯერ ფიქრისთვის დრო არაა და მალევე უნდა იმოქმედო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ორჯერ ვითამაშეთ. ორჯერვე იმ მომენტში საუკეთესო გუნდებთან მოგვიწია თამაში. პირველში გამარჯვების უფრო დიდი შანსი გვქონდა, ვიდრე მეორეში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე არანაირი ჯადო არ არსებობს.
ლამაზი ფეხბურთი? როდესაც 2:0-ს იგებ და ბურთი მეტოქეს აქვს, თამაშის შემდეგ გეუბნებიან, ბურთს არ ფლობდით… რა პრობლემაა? ვფიქრობ, საუკეთესო გოლები კონტრშეტევიდან გადის, მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობა მნიშვნელოვანია თამაშის კონტროლისთვის.
ჩემპიონთა ლიგა? მიმდინარე სეზონი ძალიან ღია ჩანს, გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ. არ არიან ისეთი დომინანტი გუნდები, როგორიც „რეალი“ იყო, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო. მერვედფინალში შეიძლება რამდენიმე ფავორიტი გამოვარდეს, მეოთხედფინალებში კი ვნახოთ“, – თქვა ალეგრიმ.