2002 წლის 5 მაისი: სერია A-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მძაფრი თარიღია, ამ დღეს 18 წლის წინ, სეზონის ბოლო ტური გაიმართა.
სატურნირო ცხრილში ძალიან დაძაბული ვითარება იყო, მაგრამ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სკუდეტოს „ინტერი“ მოიგებდა, 13-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად.
ექტორ რაულ კუპერის გუნდი პირველ ადგილზე 69 ქულით იყო, კვალში „იუვენტუსი“ 68 და „რომა“ 67 ქულით ედგა. გამოდის, რომ ჩემპიონობის შანსს ბოლო ტურში სამი გუნდი ინარჩუნებდა.
„რომა“ „ტორინოს“ სტუმრობდა, რომელსაც ანტონიო კასანოს გოლით 1:0 მოუგო. თუმცა, მთავარი ყურადღება მაინც უდინეში, „უდინეზე“ – „იუვენტუსისა“ და რომში, „ლაციო“ – „ინტერის“ მატჩისკენ იყო მიპყრობილი.
„ნერაძური“ „ლაციოსთან“ კრისტიან ვიერისა და ლუიჯი დი ბიაჯოს გოლებით ორჯერ იგებდა, მაგრამ კარელ პობორსკიმ დუბლი შეასრულა, თითოჯერ თავი დიეგო სიმეონემ და სიმონე ინძაგიმ გამოიჩინეს. „ინტერი“ 2:4 დამარცხდა და სკუდეტოს გამოესალმა. პარალელურად, „იუვენტუსმა“ პირველივე ტაიმში დავიდ ტრეზეგესა და ალესანდრო დელ პიეროს გოლებით „უდინეზეს“ მშვიდად 2:0 მოუგო და რომში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა.
ერთ-ერთი ისტორიული კადრია სათადარიგო სკამზე მყოფი რონალდოს ცრემლები და შოკში ჩავარდნილი „ინტერის“ მთელი შემადგენლობა. „იუვენტუსმა“ 26-ე სკუდეტო გაიფორმა და 5 მაისი სამუდამოდ იქცა მისტიკურ თარიღად.
საბოლოოდ, სატურნირო ცხრილში „იუვემ“ 71 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე „რომა“ გავიდა (70 ქულა), ხოლო „ინტერს“ მხოლოდ მესამე პოზიცია შერჩა ხელში (69 ქულა).