ანტონიო კონტესა და მარკო მატერაცის გზები არასდროს გადაკვეთილა უშუალოდ, ყოველშემთხვევაში თანაგუნდელები არ ყოფილან. ერთი „ინტერის“ დროშაა, მეორე „იუვენტუსის“ სიმბოლო იყო, სანამ სწორედ „ნერაძურის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნებოდა.
წლების განმავლობაში ამ ორ ადამიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება არაერთხელ გამართულა. ყველაფერი კი 2000 წლის 14 მაისს დაიწყო, როდესაც „სტადიო რენატო კურიზე“ „პერუჯა“ – „იუვენტუსი“ გაიმართა, სეზონის ბოლო ტურში, „იუვე“ დამარცხდა და ჩემპიონი „ლაციო“ გახდა. მატჩი ძალიან ძლიერი წვიმის ფონზე გაიმართა, ბურთს გაზონზე მოძრაობაც უჭირდა.
50-ე წუთზე კალორიმ „იუვენტუსის“ კარში ერთადერთი გოლი გაიტანა და ანტონიო კონტეს „იუვენტუსმა“ ლიდერობა და შესაბამისად სკუდეტო დაკარგა. იმ „პერუჯას“ დაცვის ცენტრში სწორედ მატერაცი თამაშობდა, რომელმაც ტურინელთა წაგება ემოციურად იზეიმა.
ორი წლის შემდეგ, მეორე რაუნდი შედგა. აჯერად, კონტეს ჯერი და ზეიმის დრო დადგა, ხოლო მატერაცი დამწუხრდა. მარკო უკვე „ინტერში“ იყო, რომელიც „ლაციოსთან“ 5 მაისს ბოლო ტურში დამარცხდა და ამის ხარჯზე „იუვენტუსი“ ჩემპიონი გახდა. 2002 წლის ცნობილი 5 მაისი… მოგვიანებით მატერაცი გაიხსენებს, რომ „ინტერში“ გატარებულ პერიოდში ის დღე ყველაზე ცუდად აგონდება.
„ახლა კონტეს სკუდეტოს დაჯილდოებით შეუძლია ახალი პარიკის ყიდვა“, – თქვა მატერაციმ 2000 წელს.
პასუხმა არ დააყოვნა: „მატერაცის ვეტყვი, რომ არსებობს უფრო დახვეწილი საშუალება, თმის გადანერგვა. ძალიან ცუდია, რომ ტვინის გადანერგვას ვერ შეძლებენ, არადა ამას ვურჩევ, ნამდვილად სჭირდება. ამ შემთხვევაში ჩემი ხელფასიც არ იქნებოდა საკმარისი, რომ დავხმარებოდი“.
„პატივს ვცემ რონალდოსა და „ინტერის“ ყველა ფეხბურთელის იმედგაცრუებას, მაგრამ არა ბატონი მატერაცის. მისი ცრემლები და ტკივილი ჩემი სიხარულია“, – ესეც კონტეს სიტყვებია 2002 წლის 5 მაისს.
კარიერის დასრულების შემდეგ მატერაციმ თითქმის სიტუაციის ჩაწყანრება სცადა. 2014 წელს „იუვენტუსის“ გაჩემპიონებისთანავე მარკომ თქვა:
„როგორც ინტერისტა ვიმედოვნებ, რომ კონტე „იუვენტუსში“ დიდხანს არ დარჩება (ასეც მოხდა, მაგრამ „იუვე“ აგრძელებს გამარჯვებებს!), რადგან გუნდის 60%-ს წარმოადგენს. 102 ქულით სეზონის დასრულება მომავალში ძალიან ძნელი იქნება“, – ამბობდა მატერაცი.
კიდევ უფრო დამშვიდდა სიტუაცია, როდესაც გასულ ზაფხულს კონტე „ინტერის“ მწვრთნელად დაინიშნა. მატერაცის წარსულის დავიწყება არ შეუძლია, მაგრამ…
„იმედი მაქვს, რომ კონტე მოიგებს ინტერისტების გულს, მაგრამ ადვილი არ იქნება. წარსულის წაშლა შეუძლებელია და ვერ დავივიწყებთ. თუმცა, ის მშიერია და გულშემატკივრები ამას დააფასებენ. მან ხალხის ნდობა უნდა მოიპოვს“, – ასე გამოეხმაურა მატერაცის საყვარელ გუნდში მტრის დანიშვნას.
დღევანდელი ვითარება უცნაურია, მაგრამ მართალია – კონტე და მატერაცი ერთ მხარეს, „ინტერის“ მხარეს დგანან…