მთავარი / სიახლეები / ძამბროტა: “ვლაჰოვიჩი იდეალურ ადგილზეა, მას ბევრად მეტი გოლის გატანა შეუძლია

ძამბროტა: “ვლაჰოვიჩი იდეალურ ადგილზეა, მას ბევრად მეტი გოლის გატანა შეუძლია

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩის წინ ჯანლუკა ძამბროტამ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ძამბროტას ორივე გუნდში უთამაშია, ამიტომაც, ინტერვიუ თითქმის მთლიანად სწორედ ამ გუნდებზე საუბარს დაეთმო.

„უპირველეს ყოვლისა სასიამოვნოა ასეთი მატჩების ყურება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ გუნდზე, რომლებმაც იტალიური ფეხბურთის ისტორია შექმნეს, საერთაშორისო ასპარეზზეც. გარდა ამისა, ორივე კლუბთან მაკავშირებს მოგონებები, გასაგებია, რომ ამ თამაშს ყოველთვის სხვა თვალით ვუყურებ.

ყველაზე ძლიერი ემოცია, რომელიც „იუვესთან“ მაქვს? რა თქმა უნდა, 1999-2000 წლების სეზონს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სეზონი არ გვქონდა, ბოლო ტურში, პერუჯაში სკუდეტო დავკარგეთ. თუმცა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ტურინში პირველი სეზონი გავატარე. ეს იყო ჩემი პირველი წელი დიდ გუნდში. შემდეგ 2002 წელს უდინეში მოგებული პირველი სკუდეტო. ეს ძალიან დიდი ემოცია იყო ჩემთვის, კაცისთვის, რომელიც ორი სეზონით ადრე „ბარიში“ თამაშობდა.

„მილანთან“ იგივე? 2011 წელს მოგებული სკუდეტო, ასევე ჩინეთში მოგებული იტალიის სუპერთასი „ინტერის“ წინააღმდეგ. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებები „როსონერიში“ გატარებულ 4 წელიწადში.

„მილანი“ სერია A-ში კარგად თამაშობს, სატურნირო ცხრილის სათავეში არ არის, მაგრამ „ნაპოლისა“ და „ატალანტასთან“ ახლოსაა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩის გარდა, „მილანის“ სეზონის სტარტი კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ ტრავმირებული ფეხბურთელებიც ჰყავს. „იუვენტუსში“ კი ყველაფერი სხვაგვარადაა. „ბოლონიასთან“ მატჩამდე ძალიან უჭირდა, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ალეგრი ნდობას იმსახურებს. მას ყოველთვის აკლდა ხარისხიანი ფეხბურთელები ტრავმების გამო, ასე რომ უნდა დაველოდოთ მათ დაბრუნებას და აზრი მერე უნდა დავაფიქსიროთ. ჩვენ ვნახეთ, როგორც შეუძლია დი მარიას გავლენის მოხდენა. მანამდე მას ნორმალურად თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონია. პოგბა და კიეზაც დაბრუნდებიან და შემდეგ იქნება შესაძლებელი ყველაფრის შეფასება, აზრის გამოთქმა იმაზე, ალეგრი კარგად მუშაობს თუ ცუდად.

ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში ალეგრიზე ვწერ, რომ ფეხბურთელებთან კონფლიქტები ჰქონდა? რა თქმა უნდა, ახლა მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს. არ უნდა დავივიწყოთ, რაც მან „იუვენტუსში“ მოიგო. ის ახლა ბევრად უფრო მომწიფებულია და უფრო შეუძლია რთულ სიტუაციებს გაუმკლავდეს.

რომელ გუნდში ვითამაშებდი ახლა რომ შემეძლოს? სენტიმენტალურად, არ შემიძლია არჩევა. „იუვენტუსში“ 7 მშვენიერი წელი გავატარე, „მილანში“ კი კარიერის ბოლო 4 წელი. თუმცა, თუ ორივე გუნდის ამჟამინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, რომ „მილანი“ ფავორიტია. ტეო ერნანდესი განსხვავებას ქმნის მოედანზე და ტრავმისგან გამოჯანმრთელდა. თუმცა, კალაბრია და ფლორენცო აკლიათ და შესაძლებელი იქნებოდა პიოლოს დავხმარებოდი. მეორეს მხრივ, „იუვენტუსი“ ტაქტიკას ხშირად იცვლის 4-3-3 ან 3-5-2-ით, რადგან კოსტიჩი, კუადრადო და ალექს სანდრო ამ სქემაში თავს კარგად გრძნობენ. ჰყავთ კარგი ცენტრალური მცველები, მეტწილად ბონუჩი, რომელმაც დაამტკიცა, რომ 3-კაციან დაცვაში განსაკუთრებით კარგია, ამ ეტაპზე „იუვეს“ დაცვის ფლანგებზე ნაკლებად დავჭირდებოდი.

რა თქმა უნდა, თავდამსხმელისთვის რთული დიდი ხნის გატარება გოლის გატანის გარეშე. თავდამსხმელები გოლის გასატანად ცხოვრობენ. გამოცდილება გვეუბნება, რომ ასეთ დროს სიმშვიდეა საჭირო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვლაჰოვიჩმა „ბოლონიასა“ და „მაკაბისთან“ გაიტანა, მნიშვნელოვანია. პოტენციურად მას ბევრი გოლის გატანა შეუძლია. ვიცით, დი მარია როგორი ფეხბურთელია, კოსტიჩი გუნდთან ბოლომდე ადაპტირებული ჯერ კიდევ არაა, გუნდშია კუადრადო, კიეზა… როცა ფლანგებზე ასეთი ფეხბურთელები არიან, გოლის გატანა უფრო ადვილია. ასევე, გვერდით ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მილიკია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ეხმარება. თუ „იუვე“ მორალურად გაძლიერდება, მაშინ ვლაჰოვიჩი შეიძლება პროტაგონისტი იყოს. ჩემი აზრით, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება, განსაკუთრებით ტექნიკურ ასპექტში. საქმე იმაშია, რომ „იუვეს“ მაისური ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით რთულ მომენტებში.

როგორი შემადგენლობით ვუყურებდი „იუვე“ – „მილანს“? აქცენტს იტალიელ ფეხბურთელებზე გავაკეთებ. „ბიანკონერიდან“ ბუფონს, კანავაროს, კამორანეზის, დელ პიეროს ავირჩევ, ასევე ჩემს დიდ მეგობრებს, პესოტოსა და ფერარას. „როსონერიდან“ გატუზოს, პირლოს, ნესტას, ოდოს, ინძაგის, ასევე ამბროზინისა და აბიატის.

იტალია მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა? ეს უზარმაზარი სინანულია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ. დასანანია, რომ ის მატჩები ვერ მოვიგეთ, რომლებიც უნდა მოგვეგო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს გვერდი უნდა გადავშალოთ და წინ წავიდეთ“, – თქვა ძამბროტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ძამბროტა „იუვენტუსში“ 1999-2006, ხოლო „მილანში“ 2008-2012 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …