მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზას შრომა “იუვემ” წყალში ჩაყარა…

ფედერიკო კიეზას შრომა “იუვემ” წყალში ჩაყარა…

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. შარშან „ლიონთან“, წელს „პორტუსთან“ ორჯერვე პრაქტიკულად იდენტურ სიტუაციაში.

ანდრეა პირლოს გუნდმა ვერ მოახერხა „პორტუსთან“ ჩამორჩენა აღმოეფხვრა და მორიგი ფიასკო განიცადა. „პორტუ“ სერჟიო ოლივეირამ მალევე პენალტით დააწინაურა და ტურინულ გუნდს ყველაფერი გაურთულდა.

პირველ ტაიმში „იუვენტუსმა“ალვარო მორატას ორ კარგ მომენტს თუ არ ჩავთვლით, საშინელი თამაში აჩვენა და დამსახურებულად გავიდა შესვენებაზე მდევრის როლში. მეორე ნახევარში ტურინელები გააქტიურდნენ. ფედერიკო კიეზამ მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დაამტიცა, რომ ამ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელია.

იტალიელმა 49-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც ბონუჩი-რონალდუს კომბინაცია ეფექტური დარტყმით დაასრულა. 52-ე და 54-ე წუთებზე ირანელმა ფორვარდმა მეჰდი ტარემიმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, რითაც მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მიიღეს.

წესით „პორტუს“ 35 წუთი ვეღარ უნდა გაეძლო და კიეზამ აქტიურობაც გააგრძელა. მან ჯერ ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო შემდეგ თავით გაიტანა და დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში 3:3 და ყველა გოლი კიეზას ანგარიშზე – სიტყვები ზედმეტია.

„იუვემ“ ამის შემდეგ აქტიურობა შეწყვიტა, თუმცა, საგოლე მომენტები მაინც შექმნა. კიეზას ჰეთ-თრიქამდე ცოტა დააკლდა და მეკარემ აუღო, ხოლო ბოლო წუთზე ხუან კუადრადოს დარტყმა ხარიხას მოხვდა. ძირითადი დროც დასრულდა. დამატებით დროში კი „იუვენტუსმა“ შეცდომა დაუშვა, აღარ უტევდა და დაისაჯა. „პორტუს“ შეტევის თავი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გაიტანა. 35 მეტრიდან ვოიცეხ შჩესნის კარი ჯარიმით სერჟიო ოლივეირამ დალაშქრა და მანაც დუბლი გაიფორმა. ტურინელებმა სწორედ ამის მერე გადაწყვიტეს შეტევა და ადრიენ რაბიომ მალევე გაიტანა, მაგრამ ეს გედის სიმღერა იყო. ბოლო წუთზე მარჩესინიმ კიდევ ერთი მაგარი სეივი შეასრულა და 3:2.

„იუვენტუსი“ გავარდა, რადგან შინ უფრო მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე ვიდრე მეტოქემ. ჩემპიონთა ლიგას „იუვე“ მომდევნო სეზონამდე დაემშვიდობა.

„იუვენტუსი“ – „პორტუ“ 3:2 დ.დ (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, ბონუჩი (დე ლიხტი 75), ალექს სანდრო; რემზი (მაკკენი 75), რაბიო, არტური (კულუშევსკი 102), კიეზა (ბერნარდესი 102); რონალდუ, მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„პორტუ“ (4-4-2): მარჩესინი; მანაფა, მბემბა, პეპე, ზაიდუ (ლუიშ დიასი 71); კორონა, ოლივეირა, ურიბე (გრუიჩი 90), ოტავიო (სარი 62); მარეგა (მარტინესი 105), ტარემი

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

გოლები: 0:1 ოლივეირა (19, პენ), 1:1 კიეზა (49), 2:1 კიეზა (63), 2:2 ოლივეირა (115), 3:2 რაბიო (117)

გაფრთხილება: კიეზა (90) – ოტავიო (45), ტარემი (52, 54)

გაძევება: ტარემი (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (13) – 12 (7) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 18:2 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …