მთავარი / სიახლეები / ტევესი “იუვეზე”, კლუბის და ფანების სიყვარულზე, კონტეს რჩევაზე და სხვა..

ტევესი “იუვეზე”, კლუბის და ფანების სიყვარულზე, კონტეს რჩევაზე და სხვა..

კარლოს ტევესი ტურინში 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და რამდენიმე დღე „იუვენტუსში“ გაატარა. არგენტინელი ფეხბურთელი ფანების სიყვარულით და პოპულარობით დღემდე გამორჩეულია და მან კლუბის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა.

ტევესმა „იუვეს“ შესახებ ბევრი რამ გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს კლუბი დღემდე მის გულში რჩება.

„იუვეს“ ერთი სიტყვით „ბარიოს“ შევადარებ. როდესაც „იუვეში“ მოვედი, არ მიფიქრია, რომ ოჯახივით ორგანიზებულ კლუბში მოვხვდი. მეგონა, რომ სულ სხვანაირი იყო. თუმცა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო დიდი კლუბი, რომელიც ძალიან იყო დაკავშირებული თავის ფესვებთან და დნმ-თან. „იუვენტუსის“ ფანები დიდი ოჯახის, დიდი საზოგადოების ნაწილია. მაშინვე მივხვდი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი და „იუვეც“ ჩემთვის ამას ნიშნავს.

აქ დაბრუნებამ ჩემში ემოციები გააღვიძა, რომელსაც გულში ვინახავდი და ძნელია აღწერო, რადგან აქ ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. დაბრუნებამ ჩემში ძლიერი ემოციები გააღვიძა. ეს მშვენიერი გრძნობაა.

მახსოვს კონტეს ხელმძღვანელობით პირველი თამაში, მან მითხრა, რომ პირველივე შესაძლებლობაზე ბურთი კარში დამერტყა, რადგან ასე მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგებოდა. ასეც იყო: მაყურებელი ადგა და სტადიონზე სრული სიგიჟე იყო.

„იუვეს“ მაისურის ტარება ფანტასტიკური გრძნობა იყო. დელ პიეროს 10-ნომრიანი მაისური კი ტორტზე ალუბალს ნიშნავდა. აქ მოსვლისას პირველი ბუფონს შევხვდი, მახსოვს, ჯიჯიმ მოსალმების შემდეგ მკითხა: „როგორ ხარ ფენომენო?“ ეს დიდი ემოცია იყო.

რთულია ერთი გოლი ავარჩიო. მნიშვნელობით „დორტმუნდთან“ გოლს გამოვყოფ ან „პარმასთან“ გოლს, რადგან სტადიონზე მამაჩემი იყო. ის ყოველთვის ჩემი პირველი გულშემატკივარი გახლდათ და როცა ჩემი თამაშის სანახავად მოვიდა, ისევ ის ბავშვი გავხდი, რომელიც ბავშვობაში უბანში თამაშობდა.

„იუვეში“ ჩემი საუკეთესო მეგობარი მთელი გუნდი იყო. ყველანი დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით და გამარჯვების დიდი შიმშილი გვქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველანი გავერთიანდით. თავს კომფორტულად ვგრძნობდით გასახდელში და ეს ყველაფერი მოედანზე გამოჩნდა. ხალხი გრძნობდა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით.

„იუვეს“ ფანებმა ჩემს მიმართ სიყვარული პირველივე დღიდან გამოხატეს. მათი სიყვარული და თანადგომა იყო ის, რაც მჭირდებოდა და სანაცვლოდ მათთვის ყველაფერი გავიღე. გულშემატკივრები ყოველთვის ჩემს გულში რჩებოდნენ. მათი თანადგომა მჭირდებოდა, რომ ჩემი კვალის დატოვება მომეხერხებინა.

„იუვეს“ ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რადგან აქ ჩემი ყოველთვის ესმოდათ. ეს იყო გუნდი, რომელიც ხელს არ მიშლიდა, როცა ვიტყოდი, რომ სახლში უნდა წავსულიყავი ჩემს ოჯახთან და ჩემს ძმებთან, მიგებდნენ და არასდროს ეწინააღმდეგებოდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. ამიტომაც, მადლობელი ვარ.

პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ძალიან მადლობელი ვარ, ის ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ თავის დანაპირებს ყოველთვის ასრულებს“, – თქვა ტევესმა.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა და 96 მატჩში 50 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …