მთავარი / სიახლეები / როგორი იყო 2021 წელი “იუვესთვის” – ცვლილებები და არასტაბილურობა

როგორი იყო 2021 წელი “იუვესთვის” – ცვლილებები და არასტაბილურობა

2021 წელი წარსულს ჩაბარდა, რომელმაც „იუვენტუსს“ ორი ტიტული, ცვლილებები და ბევრი კითვის ნიშანი დაუტოვა.

ტურინული გრანდისთვის 2021 წელი პირველი გამოდგა ბოლო 10 წელიწადში, როდესაც გუნდის მუზეუმი სკუდეტოს თასით არ შეივსო. „იუვემ“ ვერ მოახერხა ზედიზედ მეათე ჩემპიონობა და იტალიის საუკეთესო კლუბის წოდება მილანის „ინტერმა“ მოიპოვა.

თუმცა, მუზეუმს ორი თასი მაინც შეემატა: იტალიის სუპერთასი „ბებერმა ქალბატონმა“ ჯერ კიდევ იანვარში მოიპოვა, როცა რეჯიო ემილიაში „ნაპოლი“ დაამარცხა (2:0), ხოლო მაისში იტალიის თასსაც დაეუფლა და ისევ რეჯიო ემილიაში, ამჯერად „ატალანტას“ აჯობა.

თუმცა, გუნდისთვის რთული წელი იყო იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემპიონთა ლიგის საგზური გუნდმა სერია A-ს გასული სეზონის ბოლო ტურში, „ბოლონიასთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ მოიპოვა, თუმცა ეს არ მოხდებოდა, რომ იმავე ტურში „ნაპოლის“ წაფორხილება, რომელმაც შინ „ვერონას“ ვერ მოუგო და ანდრეა პირლოს გუნდმა ნეაპოლიტანელებს სწორედ ამის ხარჯზე გადაასწრო. ამავე წელს, ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში „იუვემ“ ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა, სადაც მოულოდნელად „პორტუს“ ვერ აჯობა და დამატებით დროში, სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო გავარდა. სამაგიეროდ, მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპი კარგად ჩაატარა, 6 ტურში 15 ქულა დააგროვა და ჯგუფში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულ „ჩელსის“ აჯობა, რომელსაც შინ 1:0 მოუგო და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად 0:4 განადგურდა, 2 ქულით გაასწრო.

2021 წლის მეორე ნახევარი გუნდისთვის წარუმატებლად წარიმართა სერია A-შიც, სადაც „ბიანკონერი“ ჯერჯერობით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება. თუმცა, წინ მთელი მეორე წრეა და ტურინელები საქმის გამოსწორებას ეცდებიან.

„იუვენტუსს“ არა მარტო მოედანზე ჰქონდა პრობლემები, არამედ, მოედნის მიღმაც, სადაც ბევრი რეორგანიზაცია მოხდა. დავიწყოთ მწვრთნელით:

ანდრეა პირლო მთავარ მწვრთნელად ჯერ კიდევ 2020 წელს დაინიშნა და ეს მისთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო. ახალგაზრდა სპეციალისტს მანამდე ამ საქმიანობაში მუშაობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა. პირლოსთან ერთად იუვემ ორი ტიტული მოიგო, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვა, მაგრამ არასტაბილური თამაშისა და შედეგების პატიება კლუბის ხელმძღვანელობამ მაინც ვერ მოახერხა. შედეგად, პირლოს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე კარისკენ მიუთითეს და გუნდის წარსულში დაბრუნდა.

დაბრუნება წარსულში

მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“ 2019 წელს წავიდა და მას შემდეგ არსად უმუშავია. „მედ მაქსი“ ტურინულ გრანდში ზუსტად ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ანდრეა ანიელი იმედოვნებდა, რომ მწვრთნელის ცვლილება კლუბს სასიკეთოდ წაადგებოდა, რაც მთავარია, ყველა იმ დეფექტს დაფარავდა, რომელიც გასულ სეზონში გამოჩნდა. თუმცა, ჯერჯერობით ანიელის იმედები ვერ გამართლდა, პირიქით, დადასტურდა, რომ „იუვეს“ მთავარი და მითუმეტეს ერთადერთი პრობლემა მწვრთნელში არაა. ალეგრიმ ამ დრომდე ვერ მოახერხა თავისი მეთოდების ბოლომდე ვერ დაამკვიდრა და გუნდის შედეგებში ეს ნათლად ჩანს.

მეორეს მხრივ, მასიმიალინო ალეგრის განკარგულებაში ის შემადგენლობაც არ არის, რომელიც გასულ სეზონში ანდრეა პირლოს ჰყავდა – კრიშტიანუ რონალდუ ნიშნავს -30 გოლს სეზონში. გადაუჭარბებლად ასეა და ამას სტატისტიკა ნათლაც მოწმობს. რონალდუმ 2021 წელს „იუვეში“ მხოლოდ პირველი ნახევარი გაატარა, მაგრამ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. რონალდუს გარეშე ცხადია, „იუვეს“ პოტენციალი შეტევაში მნიშვნელოვნად დასუსტდა და აშკარაა, რომ გუნდის მთავარი პრობლემა სწორედ თავდასხმაა.

ტრანსფერები

2021 წლის მთავარი ტრანსფერი „იუვენტუსში“ მანუელ ლოკატელია. იტალიელი ნახევარმცველი „სასუოლოსთან“ ძალზე ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ გადაბარგდა ტურინში და ეს მისმა დიდმა სურვილმაც განაპირობა. ზოგადად, 2021 წელს ლოკატელი პრაქტიკულად „იუვეს“ ერთადერთი ტრანსფერი გამოდგა. გუნდს მწვავე ფინანსური კრიზისი აქვს, რის გამოც სატრანსფერო ბაზარზე ვერ აქტიურობს. ლოკატელის გარდა, გუნდს 2021 წელს კაიო ჟორჟე და მოიზე კინი შეუერთდნენ. კინი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად… პორტუგალიელმა გუნდი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღით ადრე დატოვა და კლუბს დიდი დრო არ ჰქონია მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოსაძებნად. ამიტომაც, ექსტრემალურ ვითარებაში კინის ტრანსფერი გაიჩარხა, რომელიც მშობლიურ კლუბში ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

რეორგანიზაცია მენეჯმენტში

2021 წელს ცვლილებები მხოლოდ შემადგენლობას და სამწვრთნელო შტაბს არ შეხებია. კლუბი დატოვა სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ, რომელმაც „იუვეში“ 11 წელი გაატარა და დიდი სამუშაო შეასრულა. თუმცა, მას კლუბმა ამოწურული კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და ფაბიომ ლონდონის „ტოტენჰემს“ მიაშურა. სამაგიეროდ, კლუბში დააწინაურა ფედერიკო კერუბინი დაწინაურდა, ხოლო მაურიციო არივაბენე, რომელიც ანიელების ოჯახთან დაახლოებული და სანდო პიროვნებაა, მენეჯმენტის მთავარ როლში, გენერალურ დირექტორად მოგვევლინა. ჯერჯერობით, განვილ ნახევარ წელიწადში არივაბენე-კერუბინის დუეტის ნაყოფიერი მუშაობის შედეგი ნამდვილად არ გამოჩენილა, დანარჩენს მომავალი და ალბათ, ახალი, 2022 წელიც წარმოაჩენს.

2021 წელი „იუვენტუსისთვის“ გარკვეუწლილად სკანდალურიც გამოდგა და კლუბი სკანდალში გაეხვა. საქმე უკავშირდება რამდენიმე ტრანსფერს, თითქოს და, „იუვეს“ ხელმძღვანელობა ზოგიერთ ტრანსფერს გადამეტებულ ფასს ანიჭებდა. ეჭვობენ, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსურ მაქინაციას 2018/19, 2019/20 და 2020/21 წლების სეზონებში მიმართავდა. საუბარია კლუბისგან 50 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური მონაცემების ფალსიფიკაციაზე. თუმცა, მსგავს სკანდალში არაერთი იტალიური და ევროპული კლუბები ადრეც და ახლაც არიან გახვეულნი. ასეა თუ ისე, ცხადია, 2021 წელს ესეც მნიშვნელოვანი ამბავი იყო.

რეზიუმეს სახით – „იუვენტუსისთვის“ 2021 წელი იდეალურისგან შორს იდგა და ნამდვილად არ იყო დადებითი. ვნახოთ, როგორი იქნება 2022 წელი, რომელიც ტურინული კლუბის წინაშე დიდი გამოწვევებით შემოვიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …