მთავარი / სიახლეები / პოგბა: “იუვეში” დაბრუნება გულმა მიკარნახა, აქ ჩემი სახლია”

პოგბა: “იუვეში” დაბრუნება გულმა მიკარნახა, აქ ჩემი სახლია”

ტურინის „იუვენტუსმა“ პოლ პოგბა ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციაზე ფრანგმა ფეხბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ „იუვეში“ დაბრუნება გულმა უკარნახა. 29 წლის ნახევარმცველის თქმით, მისი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

„ვხედავ, რომ ყველანი ბედნიერები ხართ. ძალიან მომენატრეთ და მაპატიეთ, თუ ცოტათი იტალიური ენა დამავიწყდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ დავბრუნდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. თქვენ ნახეთ ხალხმა როგორ მიმიღო, ეს ჩემთვის ოცნებაზე მეტია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დავბრუნდი. მანჩესტერში ვიყავი და ვხედავდი, რომ „იუვენტუსის“ ფანები მესიჯებს მიგზავნიდნენ, ეს სასიამოვნო იყო. ბევრს ვფიქრობდი დაბრუნებაზე და ეს გავაკეთე. უკვე ბედნიერი ვარ ამით და ჩემით ფანებიც აღფრთოვანებულები არიან. ზეწოლა? ეს რას ნიშნავს? ზეწოლა არ არის. „იუვეში“ მშვენიერი წლები გავატარე, წავედი და ახლა დავბრუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ „იუვეში“ კარგად ვითამაშებ.

როდესაც მანჩესტერში ვიყავი, ალეგრის ყოველთვის ვესაუბრებოდი. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ახლაც აქ დაბრუნებამდე ველაპარაკე. მასთან კარგი სეზონები მქონდა და მასთან დასაბრუნებლად შესაფერისი მომენტი იყო.

არასდროს მინანია „მანჩესტერში“ გადასვლა. მე მჯერა ბედისწერის, ბედნიერი ვარ ყველა იმ არჩევანით, რაც ცხოვრებაში გავაკეთე. ცხოვრება ასეთია: ხანდახან აკეთებ არჩევანს, რომელიც არ ამართლებს ისე, როგორც გინდა. მანჩესტერში გავიზარდე, ვისწავლე და კაცი გავხდი. ღმერთმა ჩემთვის ასეთი გზა გაიმეტა და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ „იუვეში“ დაბრუნებით. ზუსტი დღე არ მახსოვს, როცა დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. მწვრთნელს ველაპარაკე, სხვა გუნდების ინტერესდებოდნენ, მაგრამ გულმა მითხრა, რომ აქ დავბრუნებულიყავი. ჩემი სხეული და გული ამას ამბობდნენ და მეც დაბრუნება ავირჩიე.

„იუვენტუსის“ ფანებთან კავშირს ყოველთვის ვგრძნობდი. როცა პატრის ევრას ვესაუბრები, ყოველთვის ვახსენებ, რომ ტიფოზები აქ, იტალიაში განსხვავებულები არიან. მაქვს მეტი გამოცდილება, კიდევ უფრო კარგად ვიცნობ ჩემს სხეულს. „მანჩესტერში“ ბევრი ვისწავლე ყველა თვალსაზრისით, ახლა შემიძლია გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც დავეხმარო. ტექნიკურ დონეზე არაფერი შეცვლილა, შემიძლია გუნდს დავეხმარო, როგორც ადრე.

მართალია, სხვა კლუბების ინტერესიც იყო, მაგრამ ჩემმა გულმა „იუვე“ აირჩია. ადრე აქ კარგად ვიყავი, ახლაც კარგად ვარ და მინდა, მომავალშიც კარგად ვიყო. მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას და გუნდის დახმარებას, შემიძლია მოედანზე კარგად ვიმუშაო. შარშან „იუვემ“ ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ ზედიზედ გამარჯვებული წლების შემდეგ ეს ხდება, გუნდის ხარისხი მაღალია. შარშან მეც არაფერი მომიგია, შესაბამისად, მსგავსი მიზნები გვაქვს. შარშანდელზე უკეთ უნდა ვითამაშოთ და ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებ.

„მანჩესტერში“ ჩემს პოზიციაზე თამაშიც პრობლემა იყო. მწვრთნელების შეცვლა ყოველ სეზონში ცოტა რთულია. მერე ტრავმა მივიღე, ესეც მენტალური პრობლემა გახლდათ. არ მქონდა ის რიტმი, რაც შედარებით ადრე, როცა 90 წუთს ვთამაშობდი. მწვრთნელი, გუნდი და პოზიცია: ამან შემაფერხა. ახლა წამოვედი და ეს სხვა პოლია, იმედი მაქვს, რომ ტრავმები აღარ მექნება. ფიზიკურად კარგად ვარ, ჩემს პოზიციაზე ვითამაშე და უკეთესად, ვიდრე ბოლო წლებში. ეს არის პოგბა, რომელსაც გამარჯვება უნდა, არ მომწონს წაგება და „იუვეც“ ასეა. ახლა ვარ კაცი და ვარ მამა, ვარჯიშის შემდეგ ვისვენებ და ბავშვებთან ერთად ვთამაშობ. თუმცა, სხვა არაფერი შეცვლილა, იგივე მიზნები მაქვს, იგივენაირად მშიერი ვარ, ახლა უკვე ოჯახთან ერთად.

უბრალოდ მინდა გუნდს დავეხმარო გამარჯვების დაბრუნებაში. მსურს ეს გავაკეთო ჩემი თვისებებით და მენტალიტეტით, რომ იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე ადრე. მინდა, მოედანზე ჩემი თანაგუნდელებისთვის და კლუბისთვის, ასევე ჩემი თავისთვის ყველაფერი გავაკეთო.

დი მარია მსოფლიო დონის ფეხბურთელია და გუნდს აუცილებლად დაეხმარება. გამოცდილებაც დიდი აქვს. პირველივე დღეებიდან ვხედავ ჩემპიონს და ეს გვჭირდება, ის მშიერია, მოგება უნდა და ჩვენც ასევე ვართ.

დიბალა? ველაპარაკე, შვებულებაში ერთად ვიყავით. ის ჩემი კარგი მეგობარია. ვუთხარი, რომ „იუვეში“ ვბრუნდებოდი და არ უნდოდა ისევ ერთად გვეთამაშა, მხოლოდ ეს იყო. 10 ნომერი? არა, ამაზე მასთან არ მილაპარაკია.

„იუვეს“ მიზნები? უნდა გავიზარდოთ. ჩვენ გვაქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების ოცნება, ამ სეზონში ეს მიზანი არ არის, მაგრამ ოცნებაა. მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგებაა, რადგან შარშან ვერაფერი მოვიგეთ. გამარჯვების შიმშილი არსებობს და თუ ევროპული თასის მოგებასაც შევძლებთ, ეს ყველასთვის ოცნება იქნება.

ალეგრისთან კალათბურთის თამაში? მას ვუთხარი, რომ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და დიდ პატივს ვცემდი. არ შეიძლება უფროსებთან გამარჯვება. ახლა უფრო ასაკოვანი დავბრუნდი და ხუმრობას აღარ ვაპირებ (იცინის). პოზიცია? აქ სამი ნახევარმცველით ვთამაშობთ. სამკაციან ცენტრში მარცხნივ იქნება თუ მარჯვნივ, ორივეგან თავს კარგად ვგრძნობ.

შარშან ვუყურებდი „იუვეს“ მატჩებს. ინგლისში „იუვენტუსი“ ყოველთვის იყო იტალიის ნომერ პირველი კლუბი. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიმარჯვებდით და უცნაური იყო იმის ყურება, რომ შარშან ამ კლუბმა ვერაფერი მოიგო. სხვა გუნდების დონეც ამაღლდა, სერია A ასეთია, ზედიზედ 20 წელი ვერ მოიგებ. სკუდეტოს მოგება ადვილი არასდროს ყოფილა. „იუვე“ ყოველთვის „იუვეა“, ჩვენ აქ ვართ, რათა პირველები ვიყოთ და გვინდა, პირველ ადგილს დავუბრუნდეთ. რაც შეეხება იტალიას, გასაკვირია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

„იუვეში“ დაბრუნებაზე დიდიე დეშამსაც ვესაუბრე. მინდოდა გამეგო, ის რას ფიქრობდა. ეს იყო პირადი დისკუსია, მან კი მიპასუხა, რომ არაფერი გაქვს სანანებელი, დაბრუნდი. ჩემი თანაგუნდელების შეწუხება კი არ მინდოდა, რადგან ისინი შვებულებაში იყვნენ და მათთან არ მისაუბრია.

როდესაც ალეგრის ვესაუბრე, ის ძალიან პირდაპირი იყო. მას სურდა 6 წლის შემდეგ აქ დავბრუნებულიყავი, რადგან ჩემს საჭიროებას ხედავს. ვიცნობ კლუბს და მის კულტურას. გულმა მითხრა, რომ აქ დავბრუნებულიყავი, მერე კი მწვრთნელის სიტყვების შემდეგ ყველაფერი გამარტივდა. იტალიის ჩემპიონატის მოგება მინდა. „მანჩესტერში“ პრემიერლიგა ვერ მოვიგე და ბოლო ორ სეზონში ტიტულიც არ მომიგია. ჩემს ხელებში თასის დაჭერა ჩემი პირველი მიზანია.

ზიდანი? არა, მასთან არ მისაუბრია, საერთოდ არა. მოურინიო? „რომას“ წინააღმდეგ მესამე ტურში ვითამაშებთ, რომელიც შესანიშნავი გუნდია. მოურინიოზე არ მიფიქრია, მხოლოდ ყველა მატჩის მოგება მინდა. გამიხარდება თუ მოურინიოს წინააღმდეგ მოვიგებთ, მაგრამ ასევე გამიხარდება ინძაგის და ყველა სხვა მწვრთნელის წინააღმდეგ მოგება. მე მხოლოდ გამარჯვება მინდა“, – თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ბებერ ქალბატონში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …