მთავარი / სიახლეები / სერია A / პირლო: “მე 100%-ით დარჩენა მსურს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა”

პირლო: “მე 100%-ით დარჩენა მსურს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სეზონის ბოლო თამაში შეაფასა, რომელშიც “იუვენტუსმა” “ბოლონია” 4:1 დაამარცხა. იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, მას კლუბში დარჩენა სურს, მაგრამ გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა მიიღებს.

“მხოლოდ ზაფხულში დაწყებული სამუშაოს კარგად დასრულებაზე ვფიქრობდი. მოვიგეთ იტალიის თასი და ისეთ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიეთ, როგორიც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. მე ყოველთვსი მშვიდად ვიყავი და ახლა სიტყვა მათ უნდა გადავცეთ, ვინც არჩევანს აკეთებს. ჩემი მომავალი? 100%-ით “იუვეში” წარმომიდგენია, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ახლა ამ გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, შემდეგ იქნება დრო ხელმძღვანელობასთან სალაპარაკოდ.

მომდევნო სეზონში უფრო ძლიერი “იუვე” წარმომიდგენია, რომელიც დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, როგორც მაგალითად რაბიო, რომელმაც სეზონის ბოლო ნაწილი დიდებულად ჩაატარა და ის მსოფლიოს მასშტაბით ფიზიკურად და ტექნიკურად უნიკალური ნახევარმცველია.

დიბალა? ის თითქმის მთელი სეზონი გვაკლდა, ჯერ ტრავმების და მერ ეინფექციის გამო, მისნაირი ფეხბურთელი ცვლის ნებისმიერი გუნდის დონეს. ის ბევრს ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ დღესაც დაამტკიცა მისი თვისებები.

რონალდუმ რატომ არ ითამაშა? ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ, დაღლილი იყო ოთხშაბათის მატჩის შემდეგ და ითამაშა მორატამ, რომელიც ჩვენი ახალწვეული არ არის და ამიტომ, მშვიდად ვიყავი. ეს სეზონი ჩემი პირველი გამოცდილება იყო და არ იყო ადვილი, გარკვეული დრო მჭირდებოდა გუნდისთვის ჩემი იდეების გადასაცემად. აქ არის ბევრი დიდი ფეხბურთელი, რომლებიც დამეხმარნენ და მადლობას ვუხდი მაქ. ვგრძნობ, რომ მოვუმატე და გავიზარდე.

რა შეიცვალა ამ მატჩში? მიდგომა და მენტალიტეტი. გვინდა ამ თამაშის მოგება, რომ ოცნება გაგვეგრძლებინა, პარალელური მატჩების მიუხედავად. “იუვემ” დღეს თავის საქმე გააკეთა. “მილანთან” მარცხის შემდეგ მკვდრები ვიყავით, მაგრამ თავი უნდა აგვეწია, რადგან ეს ყველას შეეძლო. სხვა შედეგებიც დაგვეხმარა. ორი ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის შემდეგ როგორ ვაფასებ სეზონს? ცოტათი სინანული მაქვს, ვინც ვართ, ამ სეზონში არ ვყოფილვართ. ზოგჯერ კონცენტირებულები არ ვიყავით და ფეხბურთში ამის გარეშე კარგი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. თუ შედეგის მიღწევა გსურს, ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. საუკეთესო მომენტი სეზონში? ბევრი იყო, იტალიის თასის მოგება, ბარსელონაში გამარჯვება. ეს ფინალური ნაწილი უნდა იყოს საფუძველი”, – თქვა პირლომ.

შეგახსნებთ, რომ “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონში სერია A-ში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …