მთავარი / სიახლეები / პარატიჩი “იუვეს” ცრემლებით დაემშვიდობა: “დიდი მადლობა 11 წლისთვის”

პარატიჩი “იუვეს” ცრემლებით დაემშვიდობა: “დიდი მადლობა 11 წლისთვის”

ტურინის „იუვენტუსი“ ფაბიო პარატიჩის დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი პრესკონფერნეცია ანდრეა ანიელისთან ერთად გამართა. პარატიჩიმ კლუბს მადლობა გადაუხადა და ცრემლებით დაემშვიდობა.

„ჩემთვის ლაპარაკი რთულია. მადლობას ვუხდი ანდრეა ანიელის და „იუვენტუსს“, რომ გამომშვიდობების საშუალება მომცეს. 11 წელი დიდი დროა ადამიანის ცხოვრებაში და ფეხბურთში კიდევ უფრო ბევრია. ეს არის ეპოქა, რომელიც უამრავ ადამიანთან ერთად გავიზიარე, რომელთაც მადლობას ვუხდი. მადლობა ფეხბურთელებს, მენეჯერებს, პერსონალს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, მძღოლებს, ლოჯისტიკურ პერსონალს. 11 მშვენიერი წელი გავატარე განსაკუთრებულ კლუბში, როგორიც „იუვენტუსია”. ბევრი მოვიგეთ და წავაგეთ, მაგრამ მხოლოდ ის აგებს ბევრს, ვინც ბევრს იგებს.

ჩემთვის დიდი გამართლება იყო „იუვენტუსში“ მუშაობა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამის გამო. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და მივიღე იმაზე მეტი, ვიდრე გავიღე. აქ არის მუშაობის კულტურა, დისციპლინა, განსაკუთრებული მხარდაჭერის მანერა. სხვა კლუბებში წავალ და ვიმედოვნებ, იმავე სიყვარულს ვიპოვი, რაც აქ მქონდა. მუშაობაში თავისუფალი ვიყავი, ექსპერიმენტების საშუალება მქონდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველას ნდობა შემეძლო. უნიკალურ ადგილზე ვმუშაობდი და საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობის საშუალება მქონდა. მწვრთნელებთან, რომლებმაც ბევრი მასწავლეს, ხალხთან, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოებს შორის არიან. ეს იყო შესანიშნავი თავგადასავალი და მხოლოდ მადლიერი ვიქნები ყველაფერისთვის, განსაკუთრები ახლა, როდესაც ჩვენი გზები გაიყო. ხშირად, როდესაც ერთმანეთს ვშორდებით, არსებობს სიბრაზე ან სინანული, ჩემთვის აქ ასე არ არის. „იუვენტუსი“ საუკეთესოდ მემშვიდობება და მე ვტირი, მაგრამ ასევე ბედნიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ერთად გავაკეთეთ.

საყვარელი მომენტი? ძალიან ბევრია, მაგრამ განსაკუთრებით ბორიელოს გოლს გამოვარჩევ ჩეზენაში. გოლის შემდეგ ჩახუტების მომენტი იყო, რომელიც ფოტოგრაფმაც კარგად აღბეჭდა.

ყველაზე დიდი სინანული? არ მაქვს. როდესაც საქმეს აკეთებ, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და შესაბამისად, გქონდეს მოქნილი აზროვნება. დიბალა-ლუკაკუს ბარტერის ჩაშლას ვნანობ? დიბალა შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც ბევრი მისცა „იუვენტუსს“ და მე ყველაზე დიდი პასუხისმგებელი ვარ, მის „იუვეში“ ტრანსფერზე. ის ახალგაზრდა ბიჭი იყო და სერია A-ში მხოლოდ ერთი სეზონი ჰქონდა ნათამაშები. მისი შეძენა ალბათ ყველაზე სარისკო იყო, რადგან „პალერმოდან“ მოსულ ბიჭში 40 მილიონი ევრო დიდი ფსონი იყო.

ჩვენ ვამაყობთ 10 წლის გაკეთებული საქმით და მოპოვებული ტიტულებით, ასევე იმით, რომ ავაშენეთ სტადიონი, მუზემი, J Medical-ი, ქალების და 23-წლამდე გუნდები. ეს ყველაფერი იყო პროექტები, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

რონალდუს ტრანსფერი? ამ ოპერაციის შესახებ ყველაფერი უკვე ცნობილია. ძალიან სწრაფი მოლაპარაკებები იყო. მე ძალიან ახლო კავშირი მაქვს ყველა ფეხბურთელთან, ვინც იუვეში მივიყვანე. ძალიან ვბრაზდები, როცა რომელიმე ფეხბურთელის აყვანას ვერ ვახერხებ. რომელი ტრანსფერი მიმაჩნია გამორჩეულად? ყველა, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, ვიტყვი ბარძალის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენთან იყო და რომელიც ასევე ყველაზე ნაკლებად იყო დაფასებული. ჩვენ კარგად ვიცით ამ ფეხბურთელის და ადამიანის ღირებულება.

პირველი დღე „იუვეში“? მე და მაროტა ანდრეა ანიელის რესტორანში შევხვდით, ცოტა შეშფოთებული ვიყავი, მეშინოდა, შემდეგ ისიც მოვიდა და როდესაც დავინახე, გამიხარდა.

არ მგონია, რომ ახლა მომავალზე საუბრის დროა. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ჩემს ოჯახს ერთი სული აქვს, ახალი სამუშაო დაუყოვნებლივ ვიპოვო. ვან პერსი? ის დიდი ჩემპიონია, მაგრამ ზოგჯერ მოლაპარაკებები დაბრკოლებესაც შეიცავს.

რთული მომენტი? ძნელია ერთი დაასახელო, 11 წლის განმავლობაში ოთხი-ხუთი მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ, გადაწყვეტილებები, რომლებიც დაძინების საშუალებას არ გაძლევს. ეს ყველაზე რთული მომენტები იყო“, – თქვა პარატიჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო პარატიჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გენუის „სამპდორიადან“ შეუერთდა და გუნდში 11 წელი იმუშავა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …