მთავარი / სიახლეები / სერია A / მორატას დუბლი და გამარჯვება “სამპდორიასთან”

მორატას დუბლი და გამარჯვება “სამპდორიასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში გენუის „სამპდორიას“ მისსავე მოედანზე 3:1 მოუგო და მორიგი მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდის ლაზარეთი ისევ სავსეა და შემადგენლობაში დანაკლისი კვლავ დიდი იყო. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის წინ ალეგრიმ დუშან ვლაჰოვიჩის დასვენება გადაწყვიტა, რომელიც თამაშში მხოლოდ 65-ე წუთზე ჩართო. იმ დროისთვის „იუვე“ ორბურთიან უპირატესობას ფლობდა.

23-ე წუთზე ალვარო მორატას წამოწყებული და ხუან კუადრადოს გაგრძელებული შეტევა „სამპას“ იაპონელი მცველის, იოშიდას ავტოგოლით დასრულდა. 10 წუთის შემდეგ მოიზე კინმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ალვარო მორატამ ზუსტად დაარტყა და სხვაობა გააორმაგა.

გენუელებმაც მიიღეს პენალტის შესრულების უფლება. 74-ე წუთზე, მაგრამ ანტონიო კანდრევას ვოიცეხ შჩესნიმ აჯობა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა. თუმცა, 10 წუთში პოლონელ მეკარეს გოლი მაინც გაუტანეს, ამჯერად ჯარიმიდან, რაშიც მორატას რიკოშეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ამისა, „იუვემ“ მაინც ორბურთიანი სხვაობით მოიგო. 88-ე წუთზე მორატამ მანუელ ლოკატელის პასის მერე თავით შეაგდო, დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

„იუვენტუსმა“ სერია A-ში წაუგებელი მატჩების რაოდენობა 15-მდე გაზარდა (10 მოგება, 5 ფრე), რითაც 56 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 მარტს, „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. თუმცა, მანამდე „ბიანკონერის“ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური თამაში აქვს „ვილიარეალთან“ და ახლა ეს შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„სამპდორია“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:2)

გენუა, „მარასი“

„სამპდორია“ (4-3-1-2): ფალკონე; ბერეშინსკი, იოშიდა, კოლი, აუჯელო (კონტი 83); კანდრევა, რინკონი (ტრიმბოლი 83), თორსბი; სენსი (ჯოვინკო 66); კაპუტო, კულიარელა (საბირი 62)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, რუგანი, პელეგრინი (დე შილიო 85); კუადრადო, ლოკატელი, არტური, რაბიო (ალექს სანდრო 75); კინი (ვლაჰოვიჩი (65), მორატა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 იოშიდა (23, ა.გ), 0:2 მორატა (34, პენ), 1:2 საბირი (84), 1:3 მორატა (88)

გაფრთხილება: რაბიო (49), პელეგრინი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 9:0 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …