მთავარი / სიახლეები / მე-14 იტალიის თასი!

მე-14 იტალიის თასი!

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასი მოიგო. რეჯიო ემილიაში გამართული ფინალი „იუვემ“ ბერგამოს „ატალანტასთან“ დამსახურებულად მოიგო.

ანდრეა პირლოს გუნდმა პირველი ტაიმი არადამაჯერებლად, მაგრამ მეორე ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებულად დაეპატრონა სეზონში მეორე ტიტულს.

„იუვემ“ პირველი ნახევარი მეორე ნომრად ითამაშა და მეტოქეს ინიციატივა მიზანმიმართულად დაუთმო. თავიდან იყო ჯიჯი ბუფონის ორი სეივი, ხოლო 31-ე წუთზე ტურინელები წინ გავიდნენ. სწრაფი შეტევა დეიან კულუშევსკიმ დიდებული დარტყმით დაასრულა და ანგარიში გახსნა. თუმცა, ტაიმის ბოლოს ბერგამოელებმა რუსლან მალინოვსკის გოლით გაათანაბრეს.

მეორე ტაიმი კი „იუვენტუსმა“ უშეცომოდ ითამაშა, შეიძლება ითქვას, სეზონში საუკეთესო 45 წუთი ჰქონდა. პირლოს გუნდმა „ატალანტას“ პრაქტიკულად არაფრის შანსი მისცა და თვითონ სახიფათო მომენტებიც შექმნა. ჯერ კულუშევსკის შეეძლო დუბლის შესრულება და მეკარემ აჯობა, მერე ფედერიკო კიეზამ ბურთი ძელს გაარტყა.

73-ე წუთზე კულუშევსკის პასით კიეზამ მაინც გაიტანა და ეს გამარჯვების გოლი გამოდგა! „იუვენტუსმა“ იტალიის თასი ისტორიაში მე-14-ედ მოიგო.

ჯანლუიჯი ბუფონისთვის ეს იყო ბოლო მატჩი „იუვეს“ მაისურით და თასიც მან აღმართა, რომელიც კარიერაში მეექვსედ მოიგო. ჯიჯიმ იტალიის თასი 1999 წელს ენრიკო კიეზასთან ერთად მოიგო, ახლა მის შვილთან ფედერიკოსთან ერთად!

ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში პირველივე წელს მოახერხა ორი ტიტულის მოგება და იტალიის სუპერთასს იტალიის თასი დაუმატა. ვთქვათ ისიც, რომ „იუვემ“ მომდევნო სეზონის მაისურით ითამაშა.

ეს სეზონი კი 23 მაისს, „ბოლონიასთან“ მატჩით დასრულდება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური ისევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:1)

რეჯიო ემილია, „მაპეი სთედიუმი“

მაყურებელი: 4 500

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ტოლოი (ჯიმსიტი 76), რომერო, პალომინო; ჰატებური (ილიჩიჩი 76), დე რუნი, ფროილერი, გოსენსი (მირანჩუკი 83); მალინოვსკი (მურიელი 68), პესინა (პაშალიჩი 68); ძაპატა

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

„იუვენტუსი“ (4-4-2): ბუფონი; კუადრადო, დე ლიხტი, კიელინი, დანილო; მაკკენი, ბენტანკური, რაბიო, კიეზა (დიბალა 74); კულუშევსკი (ბონუჩი 83), რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 კულუშევსკი (31), 1:1 მალინოვსკი (41), 1:2 კიეზა (73)

გაფრთხილება: მალინოვსკი (35), რომერო (78), ფროილერი – კიელინი (27), დე ლიხტი (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 14 (8) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დავიდე მასა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …