მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. „იუვე“ ამ შეხვედრას ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება და გუნდს უამრავი ფეხბურთელი დააკლდება.

ტრავმების გამო ფედერიკო კიეზა, აარონ რემზი, კაიო ჟორჟე და არტური ვერ ითამაშებენ, ხოლო სამხრეთ ამერიკიდან სანაკრებო პაუზის შემდეგ მხოლოდ შაბათ დილით დაბრუნდებიან დანილო, ალექს სანდრო, პაულო დიბალა და როდრიგო ბენტანკური, რის გამოც ალეგრიმ დააანონსა, რომ ისინი გუნდს ნეაპოლში არ გაჰყვებიან. მაქსმა აღნიშნა, რომ სამხრეთამერიკელთაგან ერთადერთი ხუან კუადრადოს შეეძლო იტალიაში ცოტა ადრე დაბრუნება, მაგრამ ტრავმა აქვს და ის იტალიაში საერთოდ არ გაფრენილა, კოლუმბიაში დარჩა. ამიტომაც, ვერ ხუანი ითამაშებს.

„ხვალ რა თქმა უნდა, კარგი მატჩი იქნება, რადგან ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით, რომელიც კარგ ფორმაშია. შემადგენლობის შერჩევა რთული არ არის, რადგან ჩემს განკარგულებაში ცოტა ფეხბურთელებია. სამხრეთ ამერიკელების სახლში დატოვება ვარჩიე. კუადრადო ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო თამაში, მაგრამ ტრავმა აქვს და კოლუმბიაში დარჩა ტესტების გასაკეთებლად. სამი ფეხბურთელი, დე ვინტერი, სულე და მირეტი ახალგაზრდული გუნდიდან დაგვემატა. თუმცა, ამდენი დანაკლისი არ უნდა იყოს საბაბი, მაინც ვეცდებით დადებითი შედეგის მიღწევას. მაკკენი კარგად მუშაობდა და ის ძირითადში იქნება, თუმცა, რომელ პოზიციაზე ჯერ უნდა მოვიფიქრო.

კიეზას კუნთების დაძაბულობა ჰქონდა, სიფრთხილის გამო მირჩევნია მან არ ითამაშოს ასეთ ინტენსიურ მატჩში, არსებობს რისკი ასეთ დროს და უმჯობესია, რომ დაისვენოს. დე შილიო და პელეგრინი მზად არიან, უნდა შევაფასო ვინ ვათამაშო.

ტაქტიკაზე გადაწყვეტილება უნდა მივიღო, მაგრამ სიტყვა საგანგებო მდგომარეობა ამ შემთხვევაში არ შეგვეფერება, ჩვენ იდეალური შემადგენლობა გვყავს და ვფიქრობ, სწორედ რთულ მომენტებში რაღაც უფრო მეტი უნდა წარმოვაჩინოთ. სატურნირო ცხრილი? მშვიდად ვართ, აჩქარება საჭირო არ არის, ბევრი მატჩია დარჩენილი და კონკურეტულ მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, ამჯერად მხოლოდ ხვალინდელზე.

სეზონის მიზანი? „იუვეს“ მიზანია მარტში ყველა ტურნირზე იბრძოდეს. უნდა მოვუმატოთ, უნდა გავიზარდოთ, როგორც გუნდი და შედეგები რა თქმა უნდა, ამაში დაგვეხმარება.

სამხრეთ ამერიკის სანაკრებო პაუზა? ეს არის კალენდარი, რომელიც უნდა მივიღოთ, ჩვენ გვყავს 13-14 ფეხბურთელი და პლუს 3 მოთამაშე ახალგაზრდული გუნდიდან. სამხრეთ ამერიკელებმა დღეს იტალიის დროით ღამის 3 საათზე ითამაშეს და იტალიაში შაბათს, დილის 11 საათზე იქნებიან, ამიტომ, მათი ნეაპოლში წაყვანა რისკებთან იყო დაკავშირებული, ამას მცირე აზრი აქვს. ისინი სახლში დარჩებიან, დაისვენებენ და სამშაბათს ასევე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ხვალ გველოდება დიდი მატჩი, შედეგი არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდი მატჩი იქნება. კალენდარს ყოველთვის ვეგუები, მას კომპეტენტური ორგანოები ადგენენ და ჩვენ ყველანი ჩვენს აზრს თუ დავაფიქსირებთ, არეულობა წარმოიქმნება. ამიტომ, ვიღებთ იმას, რასაც გვეუბნებიან.

შჩესნი? უდინეს გარდა, მან კარგად ითამაშა, მათ შორის „ემპოლისთან“. ის ძირითადი მეკარეა, მიუხედავად იმისა, რომ პერინი ძალიან კარგი მეკარეა. კინი? კარგადაა, ახალგაზრდაა და მან პსჟ-ში კარგად ითამაშა. გვინდოდა, რომ ის რონალდუს წასვლის მიუხედავად დაგვემატებინა.

კულუშევსკი? ახალგაზრდა მოთამაშეებს გასაზრდელად დრო სჭირდებათ, მათ გადაჭარბებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ნორმალურია, რომ 22 წლის ახალგაზრდას არ ჰქონდეს 30 წლის მოთამაშის გამოცდილება. მხოლოდ თამაშების რაოდენობით მოდის ეს. ფაჯიოლი და რანოკია სერია B-ში ამისთვის გავუშვით, ეს ნორმალური გზაა.

რონალდუს აღარ უნდოდა „იუვენტუსში“ თამაში, ის წავიდა და ნებისმეირ შემთხვევაში ეს მისი ბოლო წელი იქნებოდა აქ. ჩვენ ერთი წლით წინ წავიწიეთ. წარმატებებს ვუსურვებთ კრიშტიანუს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. არ ვარ იმაზე საუბრით დაინტერესებული, თუ რა მოხდა. „იუვე“ ყოველთვის გუნდურად იმარჯვებდა, ეს აქვს დნმ-ში. კონკურენტუნარიანობისთვის და გამარჯვებისთვის საჭიროა დიდი ამბიციები გქონდეს, საკუთარი თავის სიყვარული და ვნება იმის მიმართ, რასაც აკეთებ.

პელეგრინისთვის „იუვეში“ ყოფნა დიდი შანსია და შეუძლია გამოიყენოს, მას შესანიშნავი პოტენციალი აქვს. რემზი გუნდს ამ კვირაში უნდა დაუბრუნდეს, კაიო ოდნავ მოგვიანებით, ხოლო არტური თვის ბოლოს გუნდს შეუერთდება. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და არანაირი გართულება არ უნდა იყოს.

„ნაპოლი“ სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ სეზონი გრძელია. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, ბევრი თამაშია და ფეხზე წამოსადგომად დროა. აჩქარება საჭირო არაა, არაა საჭირო აღფრთოვანება, როცა ყველაფერი კარგადაა, ან ცუდ პერიოდში დეპრესიაში ჩავარდნა, ბალანსი გვჭრდება. საქმე მარტივად უნდა გავაკეთოთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …