მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ორშაბათს, “იუვეს” სტადიონზე ბოლოჯერ ვითამაშებ და ფანებს დავემშვიდობები”

კიელინი: “ორშაბათს, “იუვეს” სტადიონზე ბოლოჯერ ვითამაშებ და ფანებს დავემშვიდობები”

რასაც იტალიური მედია ვარაუდობდა, ოფიციალურად დადასტურდა – ჯორჯო კიელინი „იუვენტუსს“ სეზონის ბოლოს დატოვებს.

37 წლის მცველს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ როგორც მან თქვა, მიდის და ორშაბათს, რომის „ლაციოსთან“ ტურინში ბოლოჯერ ითამაშებს და ფანებს დაემშვიდობება.

„ორშაბათს ჩემს სტადიონს დავემშვიდობები, შემდეგ თუ კარგად ვიქნები, ფლორენციაშიც ვითამაშებ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს რაღაც დავუტოვე. ვფიქრობ, დავამტკიცე, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ვარ. ეს 100%-ით ჩემი არჩევანია, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად მისაღები არ იყო, რადგან შინაგანად იუვენტინო ვარ. უტიტულოდ დარჩენას მიჩვეული არ ვიყავი და აშკარაა, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. რაღაც მხრივ მოვუმატეთ, მაგრამ უძლიერესებამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.

თუ უფრო ფართო ანალიზს გავაკეთებ, ეს გუნდი უნდა გაუმჯობესდეს, დასტაბილურდეს, მონდომება და ხასიათი უნდა ჰქონდეს. ამ გუნდს ის აკლია, რაც ამდენი წლის განმავლობაში ჰქონდა. გამარჯვებული ციკლი დაიხურა, მაგრამ ვფიქრობ, ალეგრი საუკეთესო პერსონაა ახალი გამარჯვებული ციკლის დასაწყებად.

სამწუხაროა, რომ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. მომენტების მხრივ, პერინს განსაკუთრებული სეივი არ გაუკეთებია, თუმცა, მარცხს უნდა შევეგუოთ, „ინტერმა“ დაამტკიცა, რომ წელს უფრო ძლიერი იყო, ჩვენს წინააღმდეგ ყველა შეხვედრაში. იმედი მაქვს, რომ „ნერაძურისთან“ 4 მატჩიდან სამში მარცხი, მომდევნო სეზონში რევანშიც სურვილს გააჩენს. ბოდიშს გიხდით, რომ 10 წლის შემდეგ ხელცარიელი მივდივარ. მე გამოვიარე ორი სეზონი, როცა მეშვიდე ადგილზე გავედით და როცა რაიმე კარგად არ მიდის, ადვილი არაა. თუმცა, ფეხზე წამოვდექით და საოცარი 10 წელიწადი გვქონდა.

ახლა, გზას ახალგაზრდებს ვუთმობ, მომავალ სეზონში არ არ ვიქნები, როგორც ვთქვი, ორშაბათს ტიფოზებს დავემშვიდობები, ფლორენციაში კი ბოლო მატჩი იქნება. გუნდს სიხარულით ვემშვიდობები და ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები, რადგან „იუვე“ ყოველთვის შინაგანად რჩება ჩვენს გულებში. ზოგადად, ფეხბურთიდან წავალ თუ არა, ჯერ არ ვიცი, ამას ოჯახთან ერთად შევაფასებ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობდა. 2006 წელს გუნდი არ დატოვა, როცა სერია B-ში დააქვეითეს, ხოლო 2018 წლიდან კაპიტანი იყო. ჯორჯოს ამ პერიოდში 559 მატჩი და 36 გოლი დაუგროვდა, ის მატჩების რაოდენობით კლუბის ისტორიაში მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროსა და ჯანლუიჯი ბუფონს ჩამორჩება. კიელინიმ „იუვეში“ 9 სკუდეტო, 5 იტალიის თასი და 5 იტალიის სუპერთასი მოიგო, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.

ასევე ცნობილია, რომ ჯორჯო კიელინი 1 ივნისს, იტალიის ნაკრებში ითამაშებს ბოლოჯერ, რომელთანაც ერთად ევროპის ჩემპიონი გასულ ზაფხულს გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …