მთავარი / სიახლეები / კიელინი: “არაფერს ვნანობ, ჩემი კარიერა წარმოუდგენელი იყო”

კიელინი: “არაფერს ვნანობ, ჩემი კარიერა წარმოუდგენელი იყო”

ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანმა მცველმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ კარიერიდან გამომდინარე არაფერს ნანობს. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი კარიერა ექნებოდა.

„ჩემს მომავალს მოგვიანებით შევაფასებ, ამისთვის მთელი ივნისი მაქვს, მანამდე მინდა ამ დღეებით ვისიამოვნო. ლონდონის შემდეგ ჩემს შვილებთან ერთად დისნეილენდში წავალ. რას ფიქრობს ჩემი ოჯახი კალიფორნიაში ცხოვრებაზე? საჭიროა ოჯახის თანხმობაც, მაგრამ ასევე სხვისი.

მე მჯერა ბედისწერის. 2006 წელს ნაკრების წევრი ვიყავი, მაგრამ მუნდიალზე განაცხადში სამართლიანად ვერ მოვხვდი. 2010 და 2014 წლებში იმედგამაცრუებელი მუნდიალი გვქონდა. მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი ისტორია შეცვლილიყო, მაგრამ ვერ შევძელი. სამაგიეროდ, ევროპის ჩემპიონატზე ყოველთვის მთავარი გმირის სტატუსით ვითამაშე და მოვიგე კიდეც. სექტემბერში ორმა მატჩმა ჩვენი მდგომარეობა გაართულა, ბულგარეთთან და შვეიცარიასთან ფრეებმა. თუმცა, სინანულს არ ვგრძნობ, მაქსიმუმი გავაკეთე. სწორია, რომ ნაკრებში მანჩინი დარჩა.

კაპიტანი? ჩემამდე ბუფონი იყო, კიდევ უფრო მანამდე კანავარო. თითოეული კაპიტნისთვის და ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავი წარმოაჩინოს, თანაგუნდელებს დაეხმაროს. მე ვიყავი ის, რაც ვიყავი. მშვიდი და წყნარი ადამიანი. მჯერა, ბონუჩი კარგი კაპიტანი იქნება.

წარმოუდგენელი კარიერა მქონდა. არაფერს ვნანობ. რა თქმა უნდა, მინდოდა ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, მაგრამ ჩემი პირადი ზრდის პერიოდში ვისწავლე მარცხთან გამკლავება, წაგების შემდეგ ყველაფრის დამხობის სურვილი. ყველა ბავშვი ოცნებობს ნაკრებში თამაშზე და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ გზას გავივლიდი.

მჯერა, რომ ნაკრებში ჩემი მემკვიდრე ბასტონია. მას ეს დიდი ხანია ვუთხარი, როცა პირველად ვნახე. არ მინდა, ძალიან შორს წავიდე: ბასტონიმ უბრალოდ უნდა ითამაშოს, დაუშვებს შეცდომებს, მაგრამ განვითარდება. 23 წლის ასაკში სრულყოფილი ვერ იქნები, მაგრამ მას ყველაფერი აქვს, რომ „აძურიში“ 10-12 წელი კიდევ ითამაშოს.

მჯერა, რომ დაცვაში დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. მე გავიზარდე ფაბიო კანავაროს ყურებაში, რომელიც ვფიქრობ, ერთ-ერთზე თამაშში საუკეთესო იყო. არ უნდა დავკარგოთ მეტოქესთან, თავდამსხმელთან კონტაქტის სიამოვნება. ალბათ, საჭიროა ახალგაზრდულ სექტორებში ძველი სტილის მცველები ვამუშაოთ. რა თქმა უნდა განვითარება შეგვიძლია, მე ჩემი კარიერის განმავლობაში განვითარდი“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი იტალიის ნაკრებს 1 ივნისს, არგენტინასთან მატჩის შემდეგ დაემშვიდობება. მან 2004 წლიდან დღემდე 116 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …