მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” დანილომ გადაარჩინა

“იუვე” დანილომ გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ატალანტას“ ესტუმრა და ამ მატჩის წაგების უფლება უბრალოდ არ ჰქონდა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, ჯერ დუშან ვლაჰოვიჩს და მერე პაულო დიბალას ცოტა დააკლდათ გოლის გასატანად. თუმცა, შემდეგ „ატალანტაც“ კარგად ათამაშდა და თამაში გათანაბრდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში უფრო მწვავედ „იუვე“ უტევდა, ერთხელ ვლაჰოვიჩს მეკარემ აჯობა, ხოლო ერთხელ ალვარო მორატამ ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში დარტყმა დაახანა. გამოუყენებელი მომენტების გამო „იუვენტუსი“ დაისაჯა. 76-ე წუთზე რუსლან მალინოვსკიმ ძალიან შორი მანძილიდან გაიტანა და ანგარიში გახსნა. ცოტა ხანში მასპინძლებს მეორეც უნდა გაეტანათ, მაგრამ ცარიელ კარში მარტენ დე რუნმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

„ბიანკონერის“ საშველი თითქოს არ ჩანდა, მსაჯის კომპენსირებული 3 წუთიდან მეორე იწურებოდა, როცა დანილომ კუთხურის შემდეგ, რომელიც პაულო დიბალამ ჩააწოდა, თავური დარტყმით გაათანაბრა და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა – 1:1.

შედეგად, „იუვენტუსმა“ „ატალანტასთან“ 2-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, თუმცა, თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და პოტენციურად ბერგამოელები ისევ წინ არიან (1 ქულით). თუმცა, ეს კიდევ არაფერი, „იუვეს“ რომ წაეგო, ცხადია, გაცილებით მძიმე ვითარებაში ჩავარდებოდა. ცალკე საკითხია, რომ ალეგრის გუნდს რომ მოეგო, არათუ მეოთხე ადგილს გაიმყარებდა, ალბათ, საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, წელს ერთადერთი საზრუნავი სწორედ მეოთხე პოზიციაზე გასვლა იქნება.

„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 18 თებერვალს, შინ „ტორინოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:0)

ბერგამო, „გევის სთედიუმი“

„ატალანტა“ (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, დემირალი, ჯიმსიტი; ჰატებური, ფროილერი, დე რუნი, ძაპაკოსტა (მაეჰლე 60); კუპმაინერსი; მურიელი (მალინოვსკი 60), ბოგა (პაშალიჩი 90)

მწვრთნელი: ჯანპიერო გასპერინი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი;  დანილო, ბონუჩი (კუადრადო 79), დე ლიხტი, დე შილიო; მაკკენი (კინი 81), ლოკატელი, რაბიო (არტური 86); დიბალა, ვლაჰოვიჩი, მორატა (აკე 86)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 მალინოვსკი (76), 1:1 დანილო (90)

გაფრთხილება: ჯიმსიტი (36), ჰატებური (36) – დანილო (38), ვლაჰოვიჩი (42), დე ლიხტი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (3) – 15 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: მაურიციო მარიანი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …