მთავარი / სიახლეები / “იუვეში” ხუთ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება: სამი განაახლებს, ერთი არა, ერთიც – უცნობია

“იუვეში” ხუთ ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება: სამი განაახლებს, ერთი არა, ერთიც – უცნობია

„იუვენტუსში“ ახლა მთელი ყურადღება დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერს და ზოგადად სატრანსფერო ფანჯარას აქვს დათმობილი, რომელიც ხუთ დღეში იხურება, შემდეგ კი მაურიციო არივაბენესა და ფედერიკო კერუბინის მთავარი საზრუნავი იმ ფეხბურთელებტან კონტრაქტის განახლება იქნება, რომელთაც ხელშეკრულება 5 თვეში, 30 ივნისს ეწურებათ.

ასეთი კი ტურინულ გრანდში ხუთი ფეხბურთელია: ფედერიკო ბერნარდესკი, ხუან კუადრადო, მატია დე შილიო, პაულო დიბალა და მატია პერინი. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რადგან 29 წლის მეკარეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, რაც იცის, რომ ტურინულ გრანდში არ ექნება, ამიტომაც, პერინს ზაფხულში გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება მოუწევს.

ბერნარდესკი, კუადრადო და დე შილიო განაახლებენ

სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ ბერნარდესკი, კუადრადომ და დე შილიომ კონტრაქტები გაახანგრძლივონ. იტალიელმა მცველმა და ნახევარმცველმა მასიმილიანო ალეგრის დაბრუნების შემდეგ თამაშის ხარისხს აშკარად მოუმატეს და თუ ძირითადში მუდმივად ვერ ხვდებიან, ხშირად არიან სასტარტოში და კარგადაც თამაშობენ, ეს განსაკუთრებით დე შილიოზე ითქმის. კოლუმბიელი ნახევარმცველი კი წლებია ყველა მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და სავარაუდოდ, კუადრადოსთანაც შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ იქნება.

გარდა ამისა, ბოლო დღეებში აქტუალური გახდა დანიელე რუგანისთან კონტრაქტის განახლება, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის შემდეგ, 2024 წლის ზაფხულში იწურება. რუგანიმ იანვარში ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კარგად შეცვალა მატიას დე ლიხტი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი. ამიტომაც, ვარაუდობენ, რომ დანიელეს ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, მაგრამ სავარაუდოდ, უფრო დაბალი ხელფასით. რუგანის აგენტმა არაერთხელ თქვა ბოლო დღეებში, რომ ის ტურინში ბედნიერია, „იუვენტუსის“ გულშემატკივარია და არსად წასვლას არ აპირებს. რუგანი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და კლუბის ერთგულება და საიმედოობა რთულ მომენტებში ხშირად დაამტკიცა. შესაძლოა, მისი კარიერის აღმავალი ეტაპი წინაც იყოს, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა იტალიელმა მცველებმა მომწიფებისა და პიკის ეტაპს ასაკში მიაღწიეს. მაგალითად, ანდრეა ბარძალი, რომელიც „იუვენტუსში“ მხოლოდ 30 წლის ასაკში მივიდა, მაგრამ კლუბის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

რაც შეეხება პაულო დიბალას, ამ მხრივ საკითხი ძალიან რთულადაა. როგორც Tuttosport-ი წერს, არგენტინელს თებერვალში ულტიმატუმს წაუყენებენ: ან ახალ კონტრაქტს გააფორმებს სეზონში 7 მილიონი ევროს ხელფასით (იგივეს, რასაც დუშან ვლაჰოვიჩი მიიღებს), ან კლუბი მას ზაფხულში უფასოდ შეელევა. დიბალა 10 მილიონს ითხოვს და თითქოს შეთანხმება მიღწეული იყო, მაგრამ პაულოს ხშირმა ტრავმიანობამ და არასტაბილურმა თამაშმა კლუბის ხელმძღვანელობას აზრი შეაცვლევინა. ახლა გადაწყვეტილება დიბალაზე იქნება…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …