მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსის” ანტირეკორდები, პირლოზე უარესი შედეგი და პარალელი 2015 წელთან

“იუვენტუსის” ანტირეკორდები, პირლოზე უარესი შედეგი და პარალელი 2015 წელთან

ტურინის „იუვენტუსმა“ პოზიტიური შედეგების შემდეგ შინ „სასუოლოსთან“ წააგო და განგაშის ზარი ისევ გაისმა. როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა და პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

„იუვენტუსი“ მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს „ფიორენტინასთან“ ერთად, ოთხეულს 4 ქულით და პირველ ადგილს 13 ქულით ჩამორჩება. გუნდმა რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა.

10 ტურში 13 გოლი გაუშვა, რაც ბოლო 33 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. ბოლოს, 1988-1989 წლების სეზონში ჰქონდა 10 ტურში 13 გოლი მიღებული. საინტერესოა, რომ შარშან, ანდრეა პირლოს „იუვენტუსს“ 10 ტურში 20 ქულა ჰქონდა, ანუ, 5-ით მეტი, ვიდრე ალეგრის გუნდს აქვს, რაც განგაშის საფუძველია.

მას შემდეგ, რაც გუნდებს მოგებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან), „იუვეს“ 10 ტურის თავზე ყველაზე ცუდი ბურთების ბალანსი აქვს – 14:13-ზე. ბოლო 13 წელიწადში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი (14), თუ არ ჩავთვლით 2015-2016 წლების სეზონს, როცა უფრო უარესი შედეგი ჰქონდა. ასევე, სამქულიან ეპოქაში საწყის 10 ტურში მხოლოდ მესამედ მოხდა, რომ მინიმუმ 3 თამაში წააგო (1995-1996 და 2015-2016 წლების სეზონებშიც ასე იყო).

ამრიგად, ყველაფერი რთულადაა და სეზონის დარჩენილ ნაწილში არაფერია გამორიცხული. თუმცა, არის ერთი საინტერესო დამთხვევა, რასაც ახლა ბევრი იხსენებს.

2015-2016 წლების სეზონში „იუვენტუსი“ ჩემპიონი გახდა, მაგრამ საწყის 10 ტურში მხოლოდ 12 ქულა ჰქონდა და მე-12 ადგილზე იყო (3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება). როგორც ახლა, მაშინაც ტურინული გრანდი მე-10 ტურში „სასუოლოსთან“ დამარცხდა და ამის შემდეგ დაიწყო პრაქტიკულად დაუმარცხებელი სვლა, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგრძელდა.

მაშინაც მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელი ახლაც იცავს ტურინული გრანდის ღირსებას – პაულო დიბალა, ალვარო მორატა, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ალექს სანდრო, ხუან კუადრადო, დანიელე რუგანი, სიმონე პადოინი კი, რომელიც სამწვრთნელო შტაბშია, მაშინ ფეხბურთელი იყო. გუნდს აღარ ჰყავს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ჯიჯი ბუფონი, სამი ხედირა, პოლ პოგბა, კლაუდიო მარკიზიო, მარიო მანჯუკიჩი არიან, მაგრამ სამაგიეროდ, რამდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელი გუნდია (მატიას დე ლიხტი, ფედერიკო კიეზა, მანუელ ლოკატელი).

მიუხედავად ამისა, 6 წლის წინანდელის გამეორება ძალიან რთული იქნება. ახლა „იუვენტუსის“ მთავარი მიზანი ალბათ ჩემპიონთა ლიგის საზგურის მოპოვება უნდა იყოს, რაც ასევე რთულია, რადგან კონკურენტები მრავლად ჰყავს და საკმაოდ ძლიერები („მილანი“, „ატალანტა“, „ნაპოლი“, „ინტერი“, „რომა“, „ლაციო“).

„იუვენტუსს“ უახლოესი გამოცდის ჩაბარება 30 ოქტომბერს, სტუმრად იგორ ტუდორის „ვერონასთან“ მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …