მთავარი / სიახლეები / ზაკარია: “პოგბა და ვიეირა? მე ჩემი სტილი მაქვს და სხვებთან შედარება არ მიყვარს”

ზაკარია: “პოგბა და ვიეირა? მე ჩემი სტილი მაქვს და სხვებთან შედარება არ მიყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ის არც ახალი პოლ პოგბა და არც პატრიკ ვეიერაა.

შვეიცარიელ ფეხბურთელს დამკვიდრება საკუთარი სათამაშო სტილით სურს და თავს სხვებთან არ აიგივებს.

„ინტერთან“ თამაში? არ არის საჭირო ჩემთვის ამ მატჩის მნიშვნელობის ახსნა. ვიცი, რომ ეს იტალიურ ფეხბურთში გამორჩეული თამაშია, ვიცით, რომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ.

„ვერონასთან“ სადებიუტო მატჩი იდეალური საღამო იყო, თან გოლიც გავიტანე. აქ მოვედი, რათა მეჩვენებინა, თუ რა შემიძლია და გუნდს დავეხმარო. ეს გოლიც დამეხმარა, რომ საკუთარი თავი ყველასთვის გამეცნო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი.

მე შვეიცარიელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, აფრიკაში მხოლოდ შვებულების დროს მივდივარ. შვეიცარია ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ვგრძნობ იქაურ ფასეულობებს, ეს არის ქვეყანა, რომელმაც ყველაფერი მომცა და ვცდილობ, სანაცვლოდ მეც რაღაც გავცე.

რასისტული შეურაცხყოფა ჯერ არ მიმიღია, მადლობა ღმერთს. იმედი მაქვს, ამის თქმის საშუალება კიდევ დიდხანს მექნება, რადგან რასიზმს არ აქვს საფუძველი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ეს სამწუხარო საკითხია, რომელიც საზოგადოებაში თავს იჩენს, მაგრამ საბედნიეროდ მე სამიზნე არასდროს ვყოფილვარ.

მე არავის ვგავარ. ცხადია, სასიამოვნოა, დიდ ფეხბურთელებთან შედარება, მაგრამ მე დენის ზაკარია ვარ, მაქვს ჩემი სტილი, თუმცა, ყველა ამ დიდ ფეხბურთელს, პოგბას, ვიეირას, კროოსს დიდ პატივს ვცემ. არ მგონია, რომ პოგბა ან ვიეირა ვარ. დიახ, მათთან არის მსგავსება, მაგრამ მე მაინც დენის ზაკარია ვარ.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გერმანიაში გატარებული თითქმის 5 წლის შემდეგ ახალ ლიგაში, ახალ სიტუაციაში მეთამაშა. როდესაც „იუვეში“ თამაშის შესაძლებლობა გამიჩნდა, არ მიყოყმანია, ეს შესანიშნავი შანსი იყო.

კიდევ რამდენიმე თამაში უნდა ჩავატარო განსხვავებაზე რომ ვისაუბრო, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ტაქტიკა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. უფრო ბევრად მოწესრიგებულები ვართ დაცვით დონეზე“, – თქვა ზაკარიამ.

შეგახსენებთ, რომ დენის ზაკარიამ „იუვენტუსში“ დღემდე მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან ერთი თვის წინ ტრავმა მიიღო და ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …