მთავარი / სიახლეები / ვლაჰოვიჩი: “მინდა “იუვესთან” ერთად გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”

ვლაჰოვიჩი: “მინდა “იუვესთან” ერთად გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსმა“ მედიის წინაშე სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი წარადგინა. როგორც 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, მისთვის „იუვეში“ გადასვლა ძალიან მარტივი არჩევანი იყო.

„აღფრთოვანებული და ამაყი ვარ, რომ ისეთ დიდებულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, როგორიც „იუვეა“. მზად ვარ, მაქსიმუმი გავაკეთო. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ მომიყვანა. „იუვე“ ადვილი არჩევანი იყო. „იუვენტუსის“ დნმ-ში არის ბოლომდე ბრძოლა, ერთად ტანჯვა გამარჯვებისთვის და ეს ჩემი ხასიათის ნაწილია. ამიტომაა, რომ რთული არჩევანი არ იყო.

მინდა, მადლობა გადავუხადო „ფიორენტინას“, ჩემს თანაგუნდელებს, რომლებთან ერთადაც ბოლო მომენტამდე ვიბრძოდი. ყველა მენეჯერს, კორვინოდან პრადემდე, ჯო ბარონეს, პრეზიდენტ დელა ვალეს და კომისოს და ყველა მწვრთნელს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო იტალიანო, რომელიც ძალიან დამეხმარა და პრანდელი, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. მე მას ყოველთვის მადლობას ვუხდი. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ, კარგად თუ ცუდად.

მინდა, რაც შეიძლება მალე შევეწყო ალეგრის სქემებს, მსურს, კარგად გავიცნო ჩემი თანაგუნდელები და ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდეს, რადგან ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიზნების მისაღწევად. დღეს ფეხბურთში ყოველი დეტალი ქმნის განსხვავებას, ამას გონებაში ვიბეჭდავ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი თავი გავაუმჯობესო. როცა მოედანზე არ ვარ, გონებრივად ბევრს ვმუშაობ, ჩემი საქმე ყოველდღიურია, ჩემს ფიქრებში ფეხბურთში დიდი ადგილი უკავია.

„იუვეს“ მაისურის ტარება რთულია, აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო ყველა მიზნების მიღწევაში. მაისურის ნომერი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი თამაშია. 7 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ 9-სთან ახლოსაა, სხვა რამ დიდად არ მაინტერესებს, მთავარი გამარჯვებაა.

ფედერიკო კიეზას ტრანსფერამდე ვესაუბრე, როგორც იცით, ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ, რომ ადრე ერთად ვთამაშობდით. ვწუხვარ, რომ სერიოზული ტრავმა აქვს, ველოდებით მას და მეც მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე გასასვლელად.

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი? ეს უნიკალური ემოცია იქნება, არასდროს განმიცდია. მზად ვიქნები და თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, ვითამაშებ. მბაპესთან და ჰოლანდთან შედარება? ვცდილობ, ჩემი გზა მქონდეს, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად მზად ვიყო. არ ვიცი, სადამდე მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდე.

„იუვეში“ ვარ და აქ არ არსებობს რამის საბაბი, „იუვე“ არავის ელოდება და მზად უნდა ვიყო. მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და გუნდთან ადაპტაცია მჭირდება. ალეგრის ველაპარაკე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ძალიან კარგად მიმიღო, მოუთმენლად ველოდები თამაშს და ნამდვილად ბედნიერი ვარ.

აქ ბევრი ლიდერია, მზად ვარ მოვერგო გუნდს და მაქსიმუმი გავაკეთო. რასაც მწვრთნელი და თანაგუნდელები მთხოვენ, ყველაფერს გავაკეთებ. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი გამარჯვებაა. დიბალას ჯერ არ შევხვედრივარ, თუმცა ის დიდი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. მწვრთნელი გადაწყვეტს ვინ ითამაშებს და ვინ არა, მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო.

მე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვარ და შესაძლოა, ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდე რა ხდება ჩემს ირგვლივ. აბსურდულად მეჩვენება, რომ მე ახლა ბავშვებისთვის მისაბაძი მაგალითი ვიყო. ახლა ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, მინდა, „იუვეს“ გამარჯვება. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩების ბედის გადაწყვეტა. გუნდი იგებს და გუნდი აგებს. მხოლოდ ყველას ერთად შეგვიძლია რთული სიტუაციიდან გამოვიდეთ და გავიმარჯვოთ.

ვეძებ სახლს, მაგრამ ის ნამდვილად არ იქნება ის სახლი, სადაც კრიშტიანუ ცხოვრობდა. თავმდაბალი უნდა ვიყო, მოედნის მიღმა ეს ყველაფერი არ მაინტერესებს, უბრალოდ თამაში მინდა. მინდა მადლობა გადავუხადო „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს, როგორც მიმიღეს. მოუთმენლად ველოდები მათთან შეხვედრას სტადიონზე. ასევე მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, ჩემს აგენტებს, ჩემს პირველ მწვრთნელ ტომიჩს, რომელმაც შანსი „პარტიზანში“ მომცა“, – თქვა ვლაჰოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …