მთავარი / სიახლეები / დანილო: “ტურინში ბედნიერი ვარ, “იუვე” მენდო და ახლა ეს უნდა დავუფასო”

დანილო: “ტურინში ბედნიერი ვარ, “იუვე” მენდო და ახლა ეს უნდა დავუფასო”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა დანილომ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა.

დანილომ დაადასტურა, რომ კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და მალე მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება. როგორც მან აღნიშნა, ტურინში ძალიან ბედნიერია და „იუვენტუსში“ გაითავისა, რომ ყოველდღე გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს.

– „პორტუში“, „რეალსა“ და „სიტიში“ გითამაშიათ, სადაც ბევრი ტიტული მოიგეთ. „იუვენტუსში“ მეოთხე წელია ხართ. რა არის ამ კლუბში განსაკუთრებული?

– მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, მივხვდი, რომ ან „იუვენტუსის“ შესაფერისი ხარ, ან არა. ამ კლუბის განსაკუთრებულობა თავისებური სამუშაო კულტურაა. ყოველ დღე გაუმჯობესების სურვილი უნდა გქონდეს, უნდა იცოდე, რომ რაც აქამდე გააკეთე, საკმარისი არ არის. ეს არის განსხვავებული ასპექტი, რაც აქ გავითავისე და რაც ვისწავლე.

– ტურინი? რამ გიბიძგათ, რომ სახლი გეყიდათ?

– მშვიდი ადამიანი ვარ და არ ვგავარ მათ, ვისაც მაღაზიებსა და რესტორნებში სიარული უყვარს. დიდ დროს ვატარებ კონტინასას ბაზაზე ან კლუბთან ერთად მივლინებებში, ამიტომ, რაც უფრო მეტ ხანს შემიძლია სახლში დარჩენა, მით უფრო ბედნიერი ვარ. ტურინში ხალხი ჩემს მიმართ ყოველთვის თბილია, ძალიან კარგად მექცევიან. მე ბრაზილიური მთა ვარ, თუნდაც ისე მაღალი არ ვიყო, როგორც აქაური მთები. ტურინში ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ქალაქი საოცარ ენერგიას მაძლევს.

– ასეთი სეზონი არასდროს გქონიათ. რამდენად რთულია თამაში, როცა 15 ქულას გაკლებენ?

– რამდენიმე ნორმალური სეზონი მქონდა. ძალიან ცუდია, რომ 15 ქულა დაგვაკლეს, ადვილი არ იყო ამასთან შეგუება, მაგრამ გვესმოდა, რომ არაფრის გაკეთება შეგვეძლო. ისღა დაგვრჩენია, რომ მხოლოდ მოედანზე გავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, თუმცა ადვილი არ იყო. ჯერ მხოლოდ თებერვალია, ასე რომ დრო გვაქვს. იტალიის თასსა და ევროპა ლიგაზე ისევ გამოვდივართ და სეზონის ბოლომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

– ვინ და როდის გადმოგცათ კაპიტნის სამკლაური და რას ნიშნავს ეს წოდება?

– ეს იყო მწვრთნელი „ინტერთან“ მატჩის წინ. თუმცა, პირველ რიგში მინდა გაგახსენოთ, რომ კაპიტანი ბონუჩია. ის ძალიან დამეხმარა გავმხდარიყავი ის, ვინც „იუვენტუსში“ ვარ. ჩემთვის ეს დიდი პატივია. კაპიტნის საქმე არაა მხოლოდ თამაშის დაწყებამდე საუბარი, არამედ დროის ნაწილი ბიჭების დახმარებას უნდა დაუთმოს. სინამდვილეში ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა, ამას სიამოვნებით ვაკეთებ.

– კონტრაქტი 2024 წელს გეწურებათ, მაგრამ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორ დასრულდება?

– კარგად დასრულდება. ორივე მხარის ნებაა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, კარგი ურთიერთობაა და ამიტომ, მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება უახლოეს დღეებში.

– ასე რომ, ენდობით „იუვეს“, მიუხედავად შეტევებისა, რომლებიც კლუბზე ხორციელდება?

– დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომენტი გაივლის. ის, რაც „იუვემ“ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გააკეთა, რაღაც განსაკუთრებული, მყარი და კონკრეტულია. ჩემთვის მთავარი არ არის ფული ან სტატუსი, მთავარი ისაა, რომ სადაც ვარ, თავი კომფორტულად ვიგრძნო. ადვილი იქნებოდა წასვლა და სხვა გამოსავლის ძებნა. ოთხი წლის წინ, როცა აქ ჩამოვედი, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი და „იუვემ“ მომცა დიდ შანსი, ნდობა გამომიცხადა.

– როგორი იყო დანილო ახალგაზრდობაში?

– ოთხი ძმა ვართ და მე ყველაზე უფროსი ვარ. ჩემს უმცროს ძმებზე ზრუნვა 6-7 წლის ასაკში დავიწყე და მშობლებმა მაშინვე მასწავლე პასუხისმგებლობის გათავისება. 22 წლის ასაკში „პორტუს“ კაპიტანი ვიყავი, რამაც კარგი არაფერი მომიტანა, რადგან მომიწია წნეხში ცხოვრება, რომელიც შესაძლოა სხვა ასაკში უკეთესი იყოს, ვიდრე ასე ახალგაზრდულ ასაკში.

– რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად მომწიფებაში?

– მე ვარ ადამიანი, რომელიც უყურებს ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო ხდება. ჩემი წარუმატებლობა ყველაზე მეტად დამეხმარა. როცა იმარჯვებ, ყველა გაქებს და საკუთარ თავს დიდად აღარ უყურებ. როცა შეცდომას უშვებ და დამარცხებული ხარ, იმ მომენტში საკუთარ თავში იყურები, სწორ ანარეკლებს აკეთებ. მხოლოდ ამით შევძელი გაუმჯობესება. ასეთ შემთხვევაში ჩემს თავს ვეუბნები: დანილო რას აკეთებ, სად მიდიხარ არასწორად? მახსოვს, როდესაც „პორტუში“ 19 წლისა მივედი, როგორც კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პირველ სეზონში ვერ ვთამაშობდი, ისე, როგორც „სანტოსში“ ან ნაკრებში, ჩემს თავს ვუთხარი: ახლა შევხედავ რას აკეთებენ „პორტუს“ სხვა ფეხბურთელები, ჰალკი, მოუტინიო და მარტინესი. შედეგად, ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე მეც დავიწყე ფიზიოთერაპიის გაკეთება, მასაჟები, მერე ვარჯიშზე დამოკიდებულება შევცვალე და შედეგიც მოვიდა.

– რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეთ ფროიდის წიგნის ყდა. საიდან მოდის ეს ვნება?

– მადრიდის „რეალში“ მეორე სეზონში რამდენიმე რთული მომენტი განვიცადე. სამი კვირის განმავლობაში ორი ავტოგოლი გავიტანე და ეს არ იყო კარგი, რადგან ამ კლუბში ყველაფერი გაძლიერებულია. წასვლა მინდოდა, მაგრამ შემდეგ მენტალურ მწვრთნელს შევხვდი. პირველივე სესიიდან მივხვდი, რომ ეს სასარგებლო იყო და ამის შემდეგ დაიბადა ჩემი გატაცება ფსიქოლოგიისადმი.

– როცა კარიერას დაასრულებთ, რას გააკეთებთ?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ პირველ წელს დავბრუნდები ბრაზილიაში დიდი შვებულებისთვის, მშობლებთან და მეგობრებთან ერთად. თუ ფეხბურთში დარჩენა მომიწევს, მწვრთნელი ვიქნები, მომწონს მოედანზე ფეხბურთელების ორგანიზების იდეა. შემდეგ ფსიქოლოგიის უნივერსიტეტში ჩავირიცხები. არ ვიცი, ფსიქოლოგი გავხდები თუ არა, მაგრამ ვისწავლი, რომ გავხდე.

– ალეგრისაც ახასიათებს ფსიქოლოგიური რჩევები. რა გაოცებთ მასში?

– მის სულისკვეთებაში ჩემს თავს ძალიან ვხედავ. ის არასდროს ნებდება, ყველაზე ცუდ მომენტებშიც კი ახერხებს ჩვენს მოტივირებას. ქარიშხლის მომენტშიც დაგვამშვიდა.

– კვირას მან ფანების სტვენისგან დაიცვა დე შილიო, კინი და პარედესი. რას ფიქრობთ?

– მართალია. ჩვენ ვართ გუნდი და ახლა ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებული ფანებთან ერთად, რომლებიც ძალას გვაძლევენ. ვინც უსტვენს დე შილიოს ან ვინმე სხვას, მთელ გუნდს უსტვენს. გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ შეხედონ, როგორი კომპაქტურები ვართ, როგორც გუნდი და ყველა მათგანი გვჭირდება.

– ამ სეზონის წინ გუნდში თქვენი თანამემამულე ბრემერი მოვიდა. რას ფიქრობთ, განსაკუთრებით ძლიერი რაშია და რაში სჭირდება მომატება?

– ბრემერი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, დუელებში უძლეველია. კარგი ბიჭია, კონცენტრირებული, ჭკვიანი, უსმენს და ეკითხება სხვებს, ვიდეოებს უყურებს, რომ შეისწავლოს მეტოქეები. ჩვენ ყველამ უნდა მოვუმატოთ, ბურთის ფლობაში. მე და ბონუჩი მასთან ყოველთვის ახლოს ვართ.

– მსოფლიოს ჩემპიონატმა ისე ვერ ჩაიარა, როგორც თქვენ გინდოდათ. რა მოხდა? ეს თქვენთვის ბოლო მუნდიალი იყო?

– არ ვიცი, იყო თუ არა, ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი, ჯერ კიდევ 3.5 წელია დარჩენილი. 10 წელზე მეტია, რაც ნაკრებში ვთამაშობ და უნდა გავარკვიო ფიზიკურად მზად ვარ თუ არა. გარდა ამისა, ბრაზილიის ნაკრებში მწვრთნელი ჯერ კიდევ არ გვყავს. ანჩელოტი მოდის? ვნახოთ, მას მადრიდის „რეალში“ ვუნდოდი, მაგრამ როცა გუნდში მივედი, მწვრთნელი ის აღარ იყო. ხორვატიასთან მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით, მიუხედავად იმისა, რომ სუპერთამაში არ ჩაგვიტარებია. პენალტებში ისინი ჩვენზე მეტად თავდაჯერებულნი იყვნენ, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ, რადგან ახალ თაობაში ვხედავ ჩემპიონებს, რომლებიც ტოპკლუბებში უკვე თამაშობენ.

– სერიოზულ ბრაზილიელს ჰგავხარ. მართლაც ასეა?

– ახლა სხვა თაობაა. აქ მე, ალექს სანდრო და ბრემერი ვართ, ჩვენს გაღიმებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მაგრამ ასევე ვფიქრობ კაზემიროზე, ტიაგო სილვაზე.

– არდადეგები მალდივებზე?

– არა, არანაირი მალდივები, იბიცა და მსგავსი ადგილები. ვბრუნდები ჩემს სახლში ბრაზილიაში, სადაც ახალი ენერგიით ვიმუხტები და სათევზაოდ მივდივარ.

– რამდენად შეგცვალა მამობამ და რამდენად რთულია ეს?

– ძალიან შემცვალა. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილები დაიბადნენ, ვისწავლე კარგის დანახვა ცუდშიც კი. მამობა ნიშნავს იყო მაგალითი, რაც იმას ნიშნავს, რომ არასდროს უნდა შეცდე. არამედ პატიოსნად უნდა მოიქცე. თუ შეცდომას დაუშვებ, ბოდიში უნდა მოიხადო და აღიარო, რომ შეცდი.

– ძალიან სოციალური ადამიანი ხართ. როგორ ეხმარებით ბავშვებს ბრაზილიაში?

– 7 წლის ფონდი გვაქვს და 130 ოჯახს ბავშვებთან ერთად ვეხმარებით ფეხბურთით, რომ პატარები ქუჩას მოვაშოროთ. სხვადასხვა სერვისებს ვთავაზობთ: პროფესიული ფეხბურთით დაწყებული, ფსიქოლოგებთან შეხვედრამდე, სტომატოლოგიურ მომსახურებამდე და სხვა მრავალი. ყველა ვფიქრობთ სამყაროს შეცვლაზე.

შეგახსენებთ, რომ დანილო „იუვენტუსმა“ 2019 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ დაიმატა და მას შემდეგ მან „ბიანკონერის“ მაისურით ჩატარებულ 138 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …