მთავარი / სიახლეები / დანილო და სხვები: ფეხბურთელები, რომლებიც “იუვეში” მომდევნო სეზონშიც დარჩებიან

დანილო და სხვები: ფეხბურთელები, რომლებიც “იუვეში” მომდევნო სეზონშიც დარჩებიან

ტურინის „იუვენტუსმა“ დანილოსთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონსაც „იუვეში“ გაატარებს, თუნდაც გუნდი ევროთასებზე ვერ გავიდეს.

Tuttosport-ი წერს იმ ფეხბურთელების შესახებაც, რომლებიც დანილოს მსგავსად მომდევნო სეზონსაც ყველაფრის მიუხედავად „იუვენტუსში“ გაატარებენ. ყველაზე მეტად ასეთი მოთამაშეები ნახევარდაცვაში არიან და ეს რგოლი ზაფხულში ყველაზე ნაკლებად შეიცვლება.

პოლ პოგბა ერთ-ერთია, რომელიც დარჩება, რადგან მას ჯერ კიდევ არ უთამაშია დაბრუნების შემდეგ და სურს, კლუბს ყველაფერი დაუფასოს. გარდა ამისა, მან ზაფხულში თქვა, რომ გულს მიენდო, როცა ტურინში დაბრუნდა. ეჭვს არ იწვევს მანუელ ლოკატელის, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლის დარჩენაც – სამივე ბავშვობიდან „იუვეს“ ტიფოზია და კლუბი უყვართ. თანაც, მათ მომავალი მხოლოდ „ბიანკონერიში“ წარმოუდგენიათ და ჯერ კიდევ პროგრესის გზას გადიან. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც შავ-თეთრ მაისურში ვნახავთ, ფილიპ კოსტიჩია.

დაცვაში დანილოსთან ერთად დარჩებიან გლეისონ ბრემერი, რომელსაც კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ლეონარდო ბონუჩი, რომელიც ტურინში ბოლო სეზონს ჩაატარებს. ასევე გუნდში იქნება ფედერიკო გატი. დიდი შანსია, რომ დანიელე რუგანი და მატია დე შილიოც დარჩნენ.

შეტევაში ყველაზე დიდი შანსი დარჩენისა ფედერიკო კიეზას შემთხვევაშია. მას „ფიორენტინადან“ წასვლის მომენტში შეეძლო უცხოეთში წასვლა, მაგრამ „იუვეში“ გადასვლის დიდი სურვილი ჰქონდა და ტურინული გრანდი აირჩია. თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეცვალოს, არსებულმა შეთავაზებებმა. დიდი ალბათობით, „იუვენტუსი“ არკადიუშ მილიკს გამოისყიდის და ისიც გუნდში დარჩება. იგივე ეხებათ წესით მოიზე კინს, ილინგ-ჟუნიორსა და მატიას სულეს.

ჯერ გაურკვეველია დუშან ვლაჰოვიჩისა და ანხელ დი მარიას მომავალი. ალექს სანდრო, ადრიენ რაბიო, ხუან კუადრადო და ლეანდრო პარედესი კი გუნდს დატოვებენ, რადგან კონტრაქტები ეწურებათ. მეკარეებიდან მატია პერინი და კარლო პინსოლიო დარჩებიან, ხოლო ვოიცეხ შჩესნის შემთხვევაში კლუბმა შეიძლება შემოთავაზებები განიხილოს, რადგან მას კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება და ძალიან მაღალი ხელფასი აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …