მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “პსჟ-თან გუნდურად უნდა ვიმუშაოთ”

ბონუჩი: “პსჟ-თან გუნდურად უნდა ვიმუშაოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდებული მატჩი იქნება და „იუვემ“ კარგი თამაში უნდა აჩვენოს.

„მნიშვნელოვანი და ლამაზი თამაში იქნება. რთული გამოწვევაა. ალეგრი ყველამ ვიცით, როგორი მწვრთნელია და მისი სიტყვები მიზნად ისახავს მატჩის წინ მღელვარების შემცირებას. ეს არის თამაში, რომელსაც წინასწარ მომზადება სჭირდება. მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ჯგუფიდან გასასვლელად გადამწყვეტი „ბენფიკასთან“ თამაშები იქნება. პსჟ-თან თამაში კი სასიამოვნოა.

ამდენი ახალი მოთამაშის დამატება ადვილი არაა, მოთმინება საჭიროა. ჩემპიონთა ლიგის საღამოების დროს რაღაც გარდაიქმნება, თქვენ დიდებულ „იუვენტუსს“ ნახავთ. ამ მატჩში მონაწილეობის მიღება საამაყო იქნება. 35 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგა სტიმულია. მინდა მაგალითი ვიყო, როგორც კაპიტანმა „იუვენტუსი“ გუნდთან ერთად მივიყვანო იქამდე, სადაც ყოფნას იმსახურებს. მზად უნდა ვიყოთ ამ თამაშისთვის, რომელიც ლამაზი, მაგრამ რთული იქნება. ბავშვობაში ვოცნებობდით მსგავს მატჩებში მონაწილეობის მიღებაზე. „იუვენტუსის“ მენტალიტეტისა და დნმ-ს პოვნა ადვილი არ არის. მწვრთნელი მენტალურად დიდ საქმეს აკეთებს, რათა ყველას გააგებინოს, რას ნიშნავს ამ მაისურის ტარება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად „იუვენტუსს“ მწვერვალზე დავაბრუნებთ.

მბაპე საოცარი მოთამაშეა, მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მომავალი და ასაკი მის მხარეზეა. რთულია მისი, მესისა და ნეიმარის წინააღმდეგ თამაში, მათ შესაჩერებლად გუნდური მუშაობაა საჭირო.

პოგბა მსოფლიო ვარსკვლავია, როგორიც პსჟ-სა და „იუვეში“ ბევრია. ეს მოვლენები მე არ მეხება და არაფერი ვიცი. პოლი კონცენტრირებულია თავის გამოჯანმრთელებაზე. ჩვენ ის გვაკლია და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაგვიბრუნდება. დი მარია? მნიშვნელოვანი დანაკლისია, რადგან მისი ხარისხი აშკარაა. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა გასახდელშიც თავისი ენთუზიაზმით და ენერგიით. პარედესი ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა, დიდი გამოცდილება აქვს და გუნდის ხასიათს უფრო განამტკიცებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და იმიტომ, რომ თამაშს იმსახურებენ. ჩვენ ყველამ გავიარეთ პროფესიული და ადამიანური ზრდის გზა. ისინი ბევრს სწავლობენ. მირეტი? ის აქ გაიზარდა, იცის, რას ნიშნავს „იუვენტუსი“ და ყოველთვის მზად იყო.

კიელინის გასულ კვირაში ვესაუბრე. ერთად დიდი ხანი ვითამაშეთ და საბედნიეროდ ტიტულებიც მოვიგეთ. თუმცა, ეს წარსულია, ახლა უნდა ვიფიქროთ კარგ თამაშზე, რომელიც პარიზში უნდა ჩავატაროთ დიდებული ფეხბურთელების წინააღმდეგ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …