მთავარი / სიახლეები / ალესიო ტაკინარდი “იუვეზე”, “ვილიარეალზე”, რონალდოსთან ერთად გაძევებაზე…

ალესიო ტაკინარდი “იუვეზე”, “ვილიარეალზე”, რონალდოსთან ერთად გაძევებაზე…

ალესიო ტაკინარდი იმ იშვიათთაგანი მოთამაშეა, რომელსაც „იუვენტუსშიც“ უთამაშია და „ვილიარეალშიც“. ამიტომაც, იტალიურმა მედიამ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

46 წლის ალესიომ ვრცლად ისაუბრა მოახლოებულ შეხვედრაზე და წარსულიდან საინტერესო დეტალებიც გაიხსენა.

„ფეხბურთმა ოთხი ჭრილობა დამიტოვა: სამი ფინალი, რომელიც „იუვესთან“ ერთად წავაგე და „ვილიარეალთან“ საპასუხო ნახევარფინალი „არსენალთან“, რომელიც „ელ მადრიგალზე“ არ მითამაშია, როდესაც რიკელმემ პენალტი ვერ გაიტანა. ყოველთვის, როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ტელევიზორში მესმის, ერთი წუთით სრული დეპრესია მაქვს იმის გამო, რომ სამი ფინალი წავაგე და ვერ გავედი ფინალში „ვილიარეალთან“ ერთად, რადგან შთამბეჭდავი სეზონი გვქონდა. ლონდონში ყვითელი ბარათი მივიღე და დასანანია, რომ საპასუხო შეხვედრაში ვერ ვითამაშე. ეს დიდი გამოწვევა იყო.

„იუვენტუსის“ ტიფოზები უფრო ბედნიერები იყვნენ პირველი წილისყრით, როცა „სპორტინგი“ ამოვიდა მეტოქედ. „ვილიარეალს“ იტალიაში დიდ პატივს სცემენ, მინიმუმ ფეხბურთის პროფესიონალები. გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ „ვილიარეალი“ ჩვეულებრივი გუნდია, კარგი გუნდი, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლებელია, არა მარტივად, მაგრამ შესაძლებელია. თუმცა, ვინც იცის ფეხბურთი, აღიარებს, რომ „ვილიარეალი“ ძალიან, ძალიან რთული გუნდია. ალეგრის არ უყვარს ტიკი-ტაკა. ემერის პირიქით, მოსწონს დაბალი პასებით თამაში. ისევე, როგორც მარსელინოს, გვარდიოლას. „იუვეს“ შეუძლია მატჩის იტალიურად მოგება, განსხვავებას საუკეთესო მოთამაშეები ქმნიან.

„იუვე“ ახლა სხვა დონეზეა, ვიდრე ზამთრის სატრანსფერო ბაზრამდე. ადრე იყო გუნდი, რომელიც ცოტა გოლს იტანდა, რადგან მორატა ფორვარდი არ არის, დიბალა კარგად ვერ თამაშობდა და ფიზიკურად ცუდად იყო. ჩემი აზრით, 50%-იანი შანსია, რომ თამაში ფრედ დასრულდეს, მაგრამ „იუვეს“ მოგება შეუძლია. „იუვეს“ აქვს სათამაშო სტილი, რომელმაც „ვილიარეალს“ შეიძლება საქმე გაურთულოს. არ ვიცი, ვლაჰოვიჩისგან რას უნდა ველოდოთ ამჯერად, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს უთამაშია. მას შესაძლოა, ცოტა გამოცდილება აკლია, მაგრამ ის არის ვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია ერთი ან ორი გოლის გატანა. „იუვე“ უფრო მეტად უნდა მოერგოს ვლაჰოვიჩის სათამაშო სტილს, იმის გამო, რომ სხვა მოთამაშეები ძალიან ცოტა გოლს იტანენ.

ჩემი ბოლო მატჩი „იუვეში“ ჩემპიონთა ლიგაზე? „რეალთან“ იყო, 2005 წელს, გამაძევეს. მატჩის შემდეგ კაპელო ძალიან გაბრაზდა და მითხრა: „თავში ნაგავი გიდევს!“ მე ვუპასუხე: „მისტერ, ვერ მიხვდით? ტაკინარდი და რონალდო გააძევეს, რითაც სარგებელი „იუვემ“ მიიღო. სანახაობრივი, შთამბეჭდავი სტრატეგია იყო. რონალდო ჩემზე კარგი ფეხბურთელია, არა? ეს მატჩი მე მოვიგე. მას შემდეგ კაპელო არ მელაპარაკებოდა“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ ალესიო ტაკინარდი „იუვენტუსში“ 1994-2005 წლებში თამაშობდა, 405 მატჩში 15 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო, სამჯერ კი ფინალი წააგო. ის „იუვედა“ 2005 წლის ზაფხულში სწორედ „ვილიარეალში“ გადავიდა, რომლის მაისურით ორ სეზონში 57 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, კარიერა კი 33 წლის ასაკში 2008 წელს „ბრეშაში“ დაასრულა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …