მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ჯერ მხოლოდ ორი ტური გავიდა, ერთი თამაშით სკუდეტოს ვერ მოიგებ და არც დაკარგავ”

ალეგრი: “ჯერ მხოლოდ ორი ტური გავიდა, ერთი თამაშით სკუდეტოს ვერ მოიგებ და არც დაკარგავ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა, როგორც ხვალინდელ შეხვედრაზე, ისე სხვა ბევრ საკითხზე გააკეთა კომენტარი.

„რომასთან“ თამაში სეზონის პირველი მატჩია პირდაპირ კონკურენტთან. „რომამ“ გასული სეზონის დადებითი ნიშნების შემდეგ ეს სეზონი კარგად დაიწყო და გოლიც არ გაუშვია, ძალიან თანაბარი თამაში იქნება. მოურინიოსთან შეხვედრა სასიამოვნოა, ის ძალიან კარგად მუშაობს და „რომას“ თავისებურად აყალიბებს. ველოდები სასიამოვნო სპორტულ საღამოს. ჯერ მესამე ტურია, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, არ ვინერვიულოთ, სკუდეტოს ერთი მატჩით ვერ მოიგებ და არც დაკარგავ.

ვლაჰოვიჩი ბურთს მხოლოდ 9-ჯერ შეეხო? ერთხელ რომ შეხებოდა და გოლი გაეტანა, ბედნიერი ვიქნებოდი. „სამპდორიასთან“ პირველი ტაიმი ცუდი გვქონდა, ეს მეც დავინახე, მაგრამ თამაში 95 წუთი გრძელდება, გავბრაზდი, რადგან კარგად ვერც მეორე ტაიმი ჩავატარეთ. თუმცა, „სამპდორიას“ დამსახურებაც იყო, რომელმაც სივრცეები კარგად ჩაკეტა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში თამაში უნდა მოგვეგო, პირველ ნახევარში კი უარესად ვერ ვითამაშებდით.

შარშანდელთან შედარებით უფრო ძლიერები ვართ? ამას მხოლოდ შედეგები გვეტყვის. თუ უფრო ძლიერები ვართ, უკეთეს პოზიციაზე უნდა დავასრულოთ სეზონი, ვიდრე წინა დავასრულეთ. პარედესი ჯერ არ არის ჩვენი გუნდის წევრი და არ ვიცი, იქნება თუ არა. კონცენტრაცია მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე უნდა მოვახდინოთ. მილიკის ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ, შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს, აძლიერებს შეტევას და მას ვლაჰოვიჩთან ერთად თამაშიც შეუძლია.

ბონუჩი არ იქნება მატჩისთვის გამოძახებული, რადგან კარგად არაა. ფეხბურთელები მხოლოდ მაშინ უნდა დაბრუნდნენ, როცა 100%-ით მზად არიან და მითუმეტეს, ლეო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მან გუშინ ცოტა ხანს ივარჯიშა, მაგრამ დღეს დილით ფეხში ისევ დისკომფორტი იგრძნო, ამიტომ ვერ გავრისკავთ. დი მარია? მიზანია, რომ ფლორენციაში დაგვიბრუნდეს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, „სპეციასთვისაც“ მზად იქნება, მაგრამ ეს რთული იქნება.

დიბალა? ის „იუვეში“ გაიზარდა, ბევრი გოლი გაიტანა, მათ შორის ლამაზი გოლები, სიამოვნება მიანიჭა გულშემატკივრებს, მათ შორის, მეც, რადგან ინდივიდუალურად ლამაზი თამაში მომწონს. სასიამოვნო იქნება მასთან შეხვედრა, მაგრამ ის ჩვენი მეტოქეა.

შჩესნი? დაბრუნდა და ხვალ შეიძლება ითამაშოს. კაიო ჟორჟეს სერიოზული პრობლემა აქვს. კიეზა გამოჯანმრთელების გზაზეა, მაგრამ არ ვიცით, როდის იქნება ხელმისაწვდომი, იგივე ეხება პოგბასაც. „ფიორენტინასთან“ მატჩისთვის მხოლოდ დი მარიას და ბონუჩის დაბრუნების იმედი მაქვს.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში რთულია. ქაღალდზე პსჟ ევროპის უძლიერეს გუნდებშია, თუ ყველაზე ძლიერი არიან, ჩვენ კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად წესით „ბენფიკასთან“ უნდა ვიბრძოლოთ. რთული იქნება, „ბენფიკა“ ევროპული გუნდია და არც „მაკაბისთან“ თამაში იქნება ადვილი.

შემადგენლობა? ნახევარდაცვაზე გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული, ასევე მცირე ეჭვები დაცვის ხაზზეც მაქვს. ასევე უნდა შევაფასო შეცვლების ვარიანტი, ველოდები იქნება თუ არა მილიკი ხელმისაწვდომი და თუ ასე იქნება, შეიძლება ძირითადშიც მოხვდეს.

მე არ მინდა გუნდი, რომელიც ლამაზად ითამაშებს, მაგრამ დამარცხდება. უნდა ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი და შემდეგ მოგება ვცადოთ. გენუაში ნახევარდაცვაში სიცარიელეები გვქონდა, ლოკატელი კი ძალიან უკან თამაშობდა. ჯერ მხოლოდ მეორე ტურია, მშვიდად ვართ და ვმუშაობთ.

რუგანიმ „სამპდორიასთან“ კარგად ითამაშა, ნორმალურია, რომ მას თავდაცვით ფუნქციებში უკეთესი თვისებები აქვს, ვიდრე შეტევის წამოწყებისას. ვიცი მისი ფასი და ის საიმედო ფეხბურთელია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ შეხვედრა 27 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …