მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ხვალ მირეტი ითამაშებს, მომდევნო სეზონში კაპიტანი ბონუჩი იქნება”

ალეგრი: “ხვალ მირეტი ითამაშებს, მომდევნო სეზონში კაპიტანი ბონუჩი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, ძირითადად, სეზონის შეფასებაზე.

გარდა ამისა, ალეგრიმ თქვა, რომ დანილო და არტური მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებენ, ფაბიო მირეტის ძირითად შემადგენლობაში ყოფნა დააანონსა და ისიც გააჟღერა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს ლეონარდო ბონუჩი უკაპიტნებს.

„ხვალ ბოლო საშინაო მატჩია, ამიტომ პატივისცემით უნდა მივუდგეთ. ეს იქნება ჯორჯო კიელინის და პაულო დიბალას გაცილებაც, ეს სამი რამ უნდა გავაერთიანოთ. კიელინის დამშვიდობება დიბალასას ჩრდილავს? ორი სხვადასხვა საკითხია. ჯორჯო კიელინი „იუვეში“ გატარებული 17 წლის შემდეგ მიდის, ან კარიერას ასრულებს, ან ამერიკაში, არ ვიცი. პაულო სხვა გუნდში გადავა, მაგრამ კარიერა წინ აქვს.

ჩემი გუნდი ძალიან გაიზარდა. ფეხბურთში კარგიც ხდება და ცუდიც, გადამწყვეტი იყო „ინტერთან“ ჩემპიონატში მარცხი. ოთხშაბათს კარგი თამაში იყო, სამწუხაროდ, იტალიის თასი ვერ მოვიგეთ. მაგრამ ახლა წუწუნს აზრი არ აქვს, როცა ვერ ვიმარჯვებთ, საჭიროა ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, გასაკეთებელი რა რის და გავჩუმდეთ. მომდევნო სეზონში კაპიტანი? იერარქიით კაპიტანი ბონუჩი იქნება.

„იუვეს“ სეზონის შეფასება? ეს ბანალური შეკითხვაა. როცა „იუვენტუსში“ ხარ, მაქსიმალური მიზანი გამარჯვებაა, ჩვენ ერთი ტიტულიც ვერ მოვიგეთ და ვწუხვარ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით. მრავალი თვეა ამ სეზონის წარუმატებლობას ვგრძნობ. როცა „იუვეში“ ხარ, ყველას დიდი მოლოდინი აქვს, მაგრამ არის წლები, როდესაც ტიტულს ვერ მოიგებ და ამიტომ, ვწუხვარ. თუმცა, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ, ჩემპიონთა ლიგაზე გავედით და რომელიც თითქოს ბანალური შედეგია. ბევრმა იტალიურმა გუნდმა წლები ისე გაატარა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშა, ჩვენ კი ამ ტურნირზე 2012 წლიდან ვთამაშობთ და ეს მნიშვნელოვანია. მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის საბრძოლველად მოვემზადებით, ეს ყველასთვის აშკარა მიზანია. წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და შემდეგ „ინტერთან“ გავჩერდით.

კმაყოფილი ვარ განვლილი გზით და განვითარებით, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი, რომ უტიტულოდ დავრჩით. როგორც ვთქვი, იყო პროგრესი, რომელიც „ინტერთან“ ტურინში დამარცხებით შეჩერდა. ფეხბურთში ზოგჯერ ეპიზოდებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა ვიმუშაოთ იმ ასპექტებზე, რაშიც მოსამატებელი გვაქვს და უნდა დავივიწყოთ „ინტერთან“ ფინალში მარცხი, რომლის დავიწყება რთული იქნება. გაბრაზებულები ვართ, რომ ტიტული ვერ მოვიგეთ, ამიტომ, ეს სიბრაზე თან უნდა ვატაროთ.

ახლა სატრანსფერო ბაზარზე საუბარს აზრი არ აქვს, სეზონი უნდა დავასრულოთ და შემდეგ კლუბთან ვისაუბრებ, სიტუაციას შევაფასებთ და მომდევნო სეზონს დავგეგმავთ. პოგბა? აზრი არ აქვს, პასუხის გაცემას, ის „მანჩესტერის“ ფეხბურთელია და სატრანსფერო ბაზარზე კლუბთან მოგვიანებით ვისაუბრებ. პოგბასთან კალათბურთის თამაში თუ მახსოვს? კი, ეს ყოველთვის ჩემს გონებაშია.

„ლაციო“ და „ფიორენტინა“ ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან. ხვალ ტურინში ბრუნდება სარი, რომელმაც ბოლო სკუდეტო მოიგო. ის სწორად დახვედრას იმსახურებს. ბოლო ორი მატჩს პატივი უნდა ვცეთ.

დანილოსთვის სეზონი დასრულებულია, არტურს კოჭი სტკივა, ამიტომაც, სეზონი მისთვისაც დასრულდა. დე შილიო ბრუნდება, ზაკარიამ ბარძაყის არეში დარტყმა მიიღო და ვერ ითამაშებს. მაკკენი ვნახოთ, მომდევნო კვირაში ალბათ დაგვიბრუნდება. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი იქნება განაცხადში, მირეტი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

გუნდმა ყველაფერი გააკეთა, გვავიწყდება, რომ გრძელვადიანი ტრავმების გამო ძალიან დავზარალდით. კიეზა 6 თვე არ გვყავდა, მაკკენი 3 თვე, ბონუჩი და დანილო 2 თვე და ნორმალურია, რომ შესაბამისი საფასურის გადახდა მოგვიწია.

ვლაჰოვიჩი რამდენიმე თვეა „იუვეშია“, მომდევნო სეზონში რა თქმა უნდა, იმაზე უკეთესი ფეხბურთელი იქნება, ვიდრე დღესაა. იმიტომ, რომ ახალგაზრდაა, შეუძლია მომატება. დაგვიბრუნდებიან კიეზა და მაკკენი, გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც მომატების პოტენციალი აქვთ. კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად ვეცდებით ნაკლოვანობების გამოსწორებას“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ შეხვედრა 16 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …