მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “სკუდეტოს ფავორიტები არ ვართ”

ალეგრი: “სკუდეტოს ფავორიტები არ ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ადრიენ რაბიო ძირითად შემადგენლობაში იქნება, ლეონარდო ბონუჩი კი ვერ ითამაშებს.

„ვეთამაშებით „სამპდორიას“, რომელმაც კარგად ითამაშა „ატალანტასთან“, ქმნიდა მომენტებს და ორჯერ ხარიხასაც გაარტყა ბურთი, მხოლოდ გოლი დააკლდა. ტიფოზები დამუხტავენ თავიანთ გუნდს და ჩვენ ძალიან კარგად თამაში გვმართებს.

ტრავმები? როცა ეს „იუვეში“ ხდება, ყველაფერი ინგრევა, თითქოს კარტით ვთამაშობთ, თუ ერთს არასწორად გამოაძრობ, ყველა დაეცემა. დი მარია ერთი კვირა ან 10 დღე ვერ დაგვეხმარება, პოგბას მენისკის პრობლემა აქვს და არაფერი შეგვიძლია. შჩესნი? ჯერ ისევ პრობლემა აქვს, მაგრამ ჩვენ პერინი გვყავს. ტრავმები სეზონის ნაწილია, არ ვნერვიულობ.

„მილანი“, „ინტერი“, „რომა“, „ნაპოლი“, „იუვენტუსი“, „ატალანტა“, „ლაციო“ და „ფიორენტინა“ ძლიერი გუნდები არიან, საინტერესო ჩემპიონატი იქნება. კინი? მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისით, როცა სამ დღეში ერთხელ ვითამაშებთ, სათამაშო დრო ყველასთვის იქნება და ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. რაბიო? ის ხვალ ითამაშებს. გასაგებია, რომ სატრანსფერო ბაზარზე ზოგიერთ ფეხბურთელზე მოთხოვნა არსებობს. რაბიომ გასულ სეზონში კარგად ითამაშა და მას „იუვენტუსის“ ფეხბურთელად ვთვლი. ხვალ რაბიო და კინი დაგვიბრუნდებიან.

სკუდეტო? „მილანი“ ფავორიტია, რადგან ჩემპიონია. „ინტერი“ გაძლიერდა და კიდევ ერთი კანდიდატია. ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და გვინდა შარშანდელზე უკეთ ვითამაშოთ. ფავორიტები არ ვართ, უნდა გავჩუმდეთ და ვიმუშაოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მატჩების მოსაგებად ერთად ტანჯვა და თავგანწირვა მოგვიწევს.

გატი? კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. ხვალ ის ან რუგანი ითამაშებს. ბონუჩის მცირე პრობლემა აქვს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხვალ არ ითამაშებს. თუმცა, გენუაში ჩვენთან ერთად იქნება. კიეზა? რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს, მოხარული ვიქნები, თუ ის მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე დაბრუნდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიოცნებოთ, მე რეალისტი ვარ, ამ მომენტში ფედერიკოზე იმედების დამყარება არ შემიძლია და ეს ნორმალურია. დანარჩენები კარგად არიან, ზაკარიაც. სატრანსფერო ბაზარზე არ ვისაუბრებ, რადგან დარჩენილ 10 დღეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მხოლოდ მატჩებზე ვფიქრობთ, დანარჩენს კლუბის ხელმძღვანელობა გააკეთებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ყველანი კარგი ბიჭები არიან და ხელმძღვანელობასთან ერთად შევაფასებთ, ვინ შეიძლება დარჩეს შემადგენლობაში.

ვნერვიულობ ყოველ სამ დღეში თამაშზე? არა, თამაშისთვის ვცხოვრობ და მატჩებს მოუთმენლად ველოდები. ჩემთვის ახლა იწყება გართობა, ეს სასიამოვნოა. „სამპდორიასთან“ რთული თამაში იქნება. შეტევაში გაძლიერება? კუადრადო მაკკენი გვყავს, რომელთაც გოლის გატანა შეუძლიათ, ისევე, როგორც კოსტიჩს. მნიშვნელოვანია, საჯარიმოში შეტევის დროს რამდენი ფეხბურთელი იქნება. „ინტერი“? ვნახე, მაგრამ გუშინდელ თამაშს ჩემზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ისინი ძლიერები და ფავორიტები არიან. ვიცით, რომ ჩამორჩენა უნდა აღმოვფხვრათ, რაც გასულ სეზონში გვქონდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. კოსტიჩი? ხვალ შეიძლება ძირითადში ითამაშოს. მადლობელი ვარ, რომ კლუბმა ის შეიძინა, მას მნიშვნელოვანი თვისებები აქვს, ის კარგად აწვდის საჯარიმოში და კარგი დარტყმაც აქვს. სქემას მნიშვნელობა არ აქვს, ის დუგლას კოშტას მაგონებს.

მიუხედავად იმისა, რა მოხდება სატრანსფერო ბაზარზე, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შემდეგ ყველაფერს სეზონი გამოაჩენს. ეს სამი თვე ძალიან ყურადღებით უნდა ჩავატაროთ, ყურადღების გაფანტვის გარეშე. ჩვენი მიზანი ამ პერიოდში ორია: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა და 13 ნოემბერს სერია A-ს ოთხეულში ყოფნა. მერე პოგბა და კიეზაც დაგვიბრუნდებიან. თამაშში დომინაცია? დომინირება შეიძლება ბურთითაც და უბურთოდაც, მთავარი თამაშის მართვაა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …