მთავარი / სიახლეები / ალეგრი მომდევნო სეზონზე, გამარჯვების მნიშვნელობაზე, “იუვეს” ახალ ლიდერებსა და სხვა…

ალეგრი მომდევნო სეზონზე, გამარჯვების მნიშვნელობაზე, “იუვეს” ახალ ლიდერებსა და სხვა…

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ანდრეა ბარძალი იყო, ალეგრის ყოფილი შეგირდი და „იუვეს“ ფეხბურთელი.

ალეგრიმ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის, თქვა, რომ „იუვენტუსის“ ახალ ლიდერებად მატაის დე ლიხტი და მანუელ ლოკატელი მიაჩნია, რადგან ფიქრობს, მათ ლიდერის თვისებები აქვთ.

„მილანმა“, „ინტერმა“ და „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში გაგვასწრეს, მაგრამ ჩვენზე ძლიერები არ ყოფილან. თუ ვერცერთ მატჩს მოიგებ უშუალო კონკურენტთან, გამოდის, რომ რაღაც გაკლია ხასიათსა და თამაშის მართვაში. ლიდერშიპი ან გაქვს, ან გარკვეულ ასაკში რთულად მოდის. ამ ჯგუფში კიელინი იყო უმნიშვნელოვანესი, როგორც შენ, ანდრეა, როგორც ბუფონი ან მარკიზიო, ვსაუბრობ იტალიელებზე.

მომავლისთვის ამ გუნდს ორი ლიდერი ჰყავს – დე ლიხტი და ლოკატელი. მანუელი კარგი შენაძენია, მას შეუძლია კაპიტანიც იყოს, მაქს აქვს ტექნიკური და მორალური თვისებები „იუვეში“ მრავალი წლით დასარჩენად. გარდა ამისა, ამ სეზონში დიდი სიურპრიზი იყო დანილო. როცა ლაპარაკობს, ბანალურს არაფერს ამბობს. ნამდვილი ლიდერი დუმს, ცოტას უნდა ლაპარაკობდეს და ყოველთვის წინ გუნდს უნდა აყენებდეს. მირეტიმ 4 კარგი თამაში თამაში ჩაატარა, ის ძალიან კარგი იყო, მისი მთავარი ხარისხი საიმედოობაა.

დუშანს შეუძლია თავისებური ლიდერი იყო, ერთგული ხასიათი აქვს, ყოველთვის გამარჯვება უნდა, უფრო მეტად, ვიდრე ეს უბრალოდ სიტყვებია, ის გახდება ქარიზმატული ლიდერი მოედანზე თავისი ხასიათის წყალობით. მე ვავარჯიშებდი კრიშტიანუ რონალდუს, იბრაჰიმოვიჩს, რონალდინიოს, რობინიოს, კასანოს, ზეედორფს, პირლოს და ბუფონს: ერთადერთი ვინც დამაკლდა, მესია. ბედნიერი ვარ, როცა ვფიქრობ დიდ ფეხბურთელებთან გატარებულ წლებზე, რომლებმაც ბევრი მასწავლეს და მაჩუქეს. მქონია მათთან კამათი, მაგრამ ჩემპიონი ის არ არის, ვინც გასახდელიდან გადის და დათრგუნული აგენტს ურეკავს. ჩემპიონი არის ის, ვინც სიამაყეს გაჩვენებს, გადის მოედანზე და თამაშებს იგებს.

„რეალზე“ უარი? „იუვენტუსი“ ჩემთვის გამოწვევა იყო, გულშემატკივრებს, ხელმძღვანელობას, ყველას, გვინდოდა იტალიაში გამარჯვება და ევროპაში კარგად გამოდგა. მომდევნო სეზონში იხილავთ „იუვეს“, რომელიც ორი გარემარბით ითამაშებს.

პოგბა? ის არ დაბრუნდება, რადგან ჩემთან დაპირისპირების ეშინია. კალათბურთი ჩემთან ჯერ ფეხით წააგო, მერე ხელით და ბოლოს წავიდა. მისი წასვლის რეალური მიზეზი ესაა, რომ კალათბურთში ვუგებდი და ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ დაბრუნდება (იცინის).

დიბალა? დიბალა საკუთარ თავს უნდა დაუბრუნდეს. იყო მომენტი, როცა გაიტაცა იმ ფაქტმა, რომ ახალი მესი იყო. ფეხბურთელს არ შეუძლია მიბაძოს ან იფიქროს, რომ სხვა დაემსგავსოს. მას საოცარი ტექნიკური თვისებები აქვს და ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია, ღვთაებრივად თამაშობს.

გამარჯვებული გუნდი ცუდად არასდროს თამაშობს, ხოლო ის გუნდები, რომლებიც კარგად თამაშობენ და მარცხდებიან, შემდეგ კრიტიკის ობიექტები ხდებიან, რადგან შედეგი ვერ აჩვენეს. როდესაც მოედანზე ხარ, არ არსებობს გამარჯვების ერთი მეთოდი: უნდა გყავდეს ძალიან კარგი ფეხბურთელები, ისინი სწორ მოცემულობაში დააყენო და გადასცე იდეა. განსხვავება ისაა რომ, როდესაც დიდ გუნდს წვრთნი, მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ყველას გვსურს კარგად თამაში, მაგრამ ეს აბსტრაქტული სიტყვაა, რადგან საბოლოოდ ჩვენ მხოლოდ რონალდუს „მაკრატელა“ გვახსოვს, რომელიც აქ გაიტანა და არა ის, როგორ დაიწყო ის საგოლე შეტევა. როდესაც დიდ გუნდში ხარ, უნდა გაიმარჯვო, ამისთვის უნდა იპოვო მეთოდები, რაც ყოველწელს ერთნაირი არ არის. „მილანს“ და „იუვენტუსს“ განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. „იუვენტუსის“ დნმ ძალიან სპეციფიკურია, სადაც მუშაობაა საჭირო. დღეს ბევრი ევროპაში გვიცნობს და საუბრობენ, რომ 7 ფინალი წავაგეთ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ 9 ფინალი ვითამაშეთ.

რომ შემეძლოს, თავიდან ჩემპიონთა ლიგის წაგებულ ორ ფინალს ვითამაშებდი. კარდიფის ფინალს ცოტა არ იყოს, დაღმასვლის პერიოდში შევხვდით, ფავორიტები ვიყავით და არ გავითვალისწინეთ, რომ მადრიდის „რეალი“ საუკეთესო ფორმაში იყო. მეორე ტაიმში, როცა ისინი მიხვდნენ, რომ დაღლილობით „მკვდრები“ ვიყავით, პიანიჩიც ტრავმირებული თამაშობდა, შანსი არ დაგვიტოვეს. თუმცა, იმ სეზონში მართლა ძლიერები ვიყავით. როგორც ეტორე მესინა ამბობს, დიდ მატჩებს დიდი დაცვით იგებენ. როცა ფინალში თამაშობ, რომელშიც ორივე გუნდს მაღალი ხარისხი აქვს, ის იმარჯვებს, ვინც თავს უკეთ იცავს”, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებს, ჯერ ზუსტი თარიღი უცნობია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …