მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “კარგია, რომ ზედიზედ მესამე მატჩია გოლს არ ვუშვებთ”

ალეგრი: “კარგია, რომ ზედიზედ მესამე მატჩია გოლს არ ვუშვებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მეტოქემ ფრე დაიმსახურა, მაგრამ კმაყოფილია, რომ მოიგეს და განსაკუთრებით ზედიზედ მესამე გოლგაუშვებელი თამაშის გამო.

„1:0 არ არის ჩემი საყვარელი ანგარიში, მაგრამ კარგი შედეგია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მესამე თამაშია გოლი არ გაგვიშვია. ვითამაშეთ „რომას“ წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი გუნდია. ვთქვათ, რომ კარგად ვითამაშეთ. 3-4 ბურთი დავკარგეთ პირველ ტაიმში, რამდენიმე კონტრშეტევის შანსი მივეცით. თავიდან მეტოქე ძალიან კარგი იყო, მაგრამ ნელ-ნელა თამაში ჩვენც დავიწყეთ.

კარგი გოლი გავიტანეთ, ბურთი ერთი ფლანგიდან მეორეზე კარგად გადავიტანეთ. ჯერ კიდევ გვჭირდება გაუმჯობესება, განსაკუთრებით, როდესაც ბურთი მეტოქის საჯარიმოსთანაა, რადგან ჩვენ კონტრშეტევაზე მოთამაშე თვისებების ფეხბურთელები გვყავს. შედეგად, როცა ბურთის ფლობას ვიწყებთ, ვანელებთ შეტევას ან ცოტა ვნერვიულობთ, ეს ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ. ეს თამაში უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე „ინტერთან“, რადგან სატურნირო ცხრილში მცირე ნაბიჯი გადავდგით. ახლა კი ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვიფიქრებთ, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაშია.

შჩესნი? ფეხბურთში ეს ხდება. შჩესნიმ დღეს და არამხოლოდ დღეს, წინა მატჩებშიც დაამტკიცა თავისი ღირებულება. შეცდომებს ყველა ერთად ვუშვებთ, ახლა ის სტაბილურად თამაშობს.

ვიცოდით, რომ ძნელი იქნებოდა, „რომამ“ ფრე დაიმსახურა, ჩვენ კი მეორე ტაიმის დასაწყისში შანსი გვქონდა, რომ თამაში დაგვეხურა. ასეთ მატჩებში ეპიზოდებს დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მოხდა, როდესაც სწორი სულისკვეთებით თამაშობ, გიფასდება. თუმცა, „რომამ“ კარგი თამაში ჩაატარა, ისინი ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

გვაკლდა, დიბალა, დე ლიხტი, რაბიო, მორატაც ბოლომდე მზად არ არის, ამიტომ, ვინც მოედანზე გადის, სწორი სულისკვეთება უნდა აჩვენოს. ნორმალურია, რომ გაუმჯობესება გვჭირდება, განსაკუთრებით ბურთის ფლობასა და თამაშის მართვაში, შენელება და აჩქარება საჭირო დროს უნდა გავაკეთოთ.

დე შილიოს „მილანიდან“ ვიცნობ და იმის ნახევარი აჩვენა, რაც შეეძლო. ტექნიკურად მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირად თამაშობს. თუმცა, აქვს ფიზიკური და მენტალური პრობლემები, მაგრამ როცა ისე თამაშობს, როგორც დღეს, ძნელია უკეთესი ფეხბურთელის პოვნა. გვყავს რუგანი, რომელიც მზად არის სათამაშოდ, პელეგრინი, რომლის თამაშზე ვფიქრობდი, ესენი არიან ბიჭები, რომლებიც ვარჯიშობენ, შეუძლიათ თამაში და ჩვენი დახმარება.

„ინტერი“? უფრო მნიშვნელოვანი „რომასთან“ გამარჯვება იყო, რადგან მეოთხე ადგილს 1 და მესამე ადგილს 3 ქულით მივუახლოვდით. პატარა ნაბიჯი წინ გადავდგით, ახლა არის ჩემპიონთა ლიგა, სადაც მომდევნო ეტაპზე უნდა გავიდეთ და შემდეგ ვიფიქრებთ „ინტერთან“ მატჩზე, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია.

ცუდი სტარტი? ხანდახან ეს ხდება. მოვედი და არ ვიცნობდი ახალი ფეხბურთელების თვისებებს, ცვლილებებს ვაკეთებდი და ნაკლებად გვეხმარებოდნენ. ახლა ყველაფერი განსხვავებულია, შედიან მოედანზე და კარგად თამაშობენ, დღესაც ასე იყო“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 14 ქულა აქვს და მეხუთე-მეშვიდე ადგილს „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს. ტურინული გუნდი მომდევნო მატჩს 20 ოქტომბერს, „ზენიტთან“ სტუმრად გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …